უთამაშებელმა, გამოცდილების ხარჯზე, 6 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა
უთამაშებელმა, გამოცდილების ხარჯზე, 6 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა
20.11.2018
ავტორი:

უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის 1 ჯგუფის ბოლო შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის 2-1 ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 16 ქულა დააგროვა და მხოლოდ 2 გაშვებული გოლით, 1 ადგილი დაიკავა. 6 მატჩში ქართველებმა მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს, 12 გატანილის ფონზე და ისიც, ბოლო 2 შეხვედრაში.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი და სპორტული მედიის ნაწილი აღნიშნული შესარჩევი ციკლის დროს და მის დაწყებამდეც, ყველა პრესკონფერენციაზე, ვლადიმირ ვაისთან ყველა შეხვედრისას ყურადღებას იმაზე ამახვილებდნენ, რომ მეკარე, რომელიც ქართველთა კარს იცავდა, იყო სათამაშო პრაქტიკის გარეშე, ჯერ გუნდში ჩარიცხული და ბოლოს უგუნდოდ დარჩენილი.




„ყოველივეს მიუხედავად, მგონი მშვენივრად გავართვი თავი. მთავარია, რომ შედეგი დავდეთ. მე, რაც შემეძლო ჩემი მხრიდან ძალები არ დამიშურია. მთავარია, ის, რომ გუნდმა გავაკეთეთ ის, რასაც ამდენი ხანია ჩვენგან გულშემატკივარი ითხოვს და უნდა გაგვეკეთებინა. შედეგი არის. მე რაც შემეხება, პატარა აღარ ვარ და გამოცდილება გამაჩნია. შესაბამისად, ამ გამოცდილების ხარჯზე შევძელი ის, რომ უთამაშებლმა ვითამაშე ეს თამაშები. მგონი, ცუდად, ავად თუ კარგად, მთავარია, რომ ამან შედეგი გამოიღო", - ამბობს გიორგი ლორია TSFF.GE-სთან ინტერვიუში.




ყველაზე დიდი კრიტიკა ერგო გიორგი ლორიას, ანდორაში ჩატარებული მატჩის შემდეგ. პირველად, ამ შეხვედრის დასრულების ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ლორიას შეცდომაზე ყურადღება, მედიის წინაშეც გაამახვილა. არადა, ვაისი, ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოში გიორგი ლორია მისთვის #1 მეკარეა. ანდორა-ლა-ველაში კი, „ესტადა ნაციონალზე", ვაისმა ლორიას როინ კვასხვაძის ჩანაცვლების შესაძლებლობაც კი დააანონსა.  თუმცა, ყაზახებთან მატჩის წინ, ნაკრების მთავარი მეკარის ჩანაცვლების საკითხი ღიად დატოვა. ამით კი, ირიბად, სწორედ, გიორგი ლორიას გამოუცხადა ნდობა და მხარდაჭერა.




ანდორაში ჩატარებული მატჩის შემდეგ, გიორგი ლორია თავადაც მძიმედ განიცდიდა ერთადერთ შეცდომას, რომელიც გოლად დაუჯდა საქრათველოს ნაკრებს. თუმცა, ყაზახებთან მატჩში, მის კართან შექმნილი, რეალურად ერთად-ერთი მომენტი პირველ ტაიმში, ქართველთა მეკარემ ზუსტად შეაფასა და ჩვენი ნაკრები 100%-იანი გოლისგან იხსნა.


„კი, დღეს, პირველ ტაიმში იყო ერთი მომენტი... ანდორასთან თამაშის შემდეგ, უხასიათოდ, მაგრამ მოშვებული არა, პირიქით, უფრო მობილიზებული ვიყავი. ფეხბურთის ფენომენი ისაა, რომ რაიმეს წინასწარ გათვლა წარმოუდგენელია. ყველა თამაშზე, ყველა დავალებას ისე ვერ შეასრულებ, როგორც გინდა. ხდება ხოლმე. მთავარია ამ დროს არ გატყდე შინაგანად, სულიერად და ფსიქოლოგიურად. ამაში, მთელი გუნდი გვერდში დამიდგა, ხელმძღვანელობიდან დაწყებული, სამწვრთნელო შტაბით და ფეხბურთელებით დამთავრებული. გამოვიდა ის, რაც გამოვიდა", - ამბობს გიორგი ლორია.




რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში გაიჟღერა, გიორგი ლორიას პოსტსაბჭოური ქვეყნის გუნდებში მიწვევის შესახებ ინფორმაციამ. თუმცა, საქართველოს #1 მეკარე, ჯერ კვალვ უგუნდოდაა და მოლოდინის რეჟიმში, აგრძელებს ვარჯიშსს, მისთვის მშობლიურ, „დინამო თბილისის" ბაზაზე.