ლაშა ტალახაძის რეკორდები გრძელდება
ლაშა ტალახაძის რეკორდები გრძელდება
10.11.2018
ავტორი:

რამდენიმე საათში 3 ოქრო, 1 ბრინჯაო, 7 მსოფლიო რეკორდი - ასეთია ქართველი ძალოსნებების ბოლო დასკვნითი დღის შედეგი, მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც აშხაბადში ჩატარდა. ბოლო დღე, ტრიუმფალური გამოდგა ლაშა ტალახაძისთვის. პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა, იმას გარდა, რომ მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, 3 ოქროს მედალი და 7 მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

„ჩაიარა კიდევ ერთმა მსოფლიოს ჩემპიონატმა.ზედიზედ მესამედ მოვახერხე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით გამახარა ირაკლი თურმანიძის ბრინჯაოს მედალმა და მჯერა, რომ არა ტრავმა ის კვლავ შეძლებდა ორჭიდის ჯამში მედლის მოპოვებას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს, ექიმს, ფედერაციას, სპონსორებს და რაც მთავარია ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივრებო. მინდა იცოდეთ, რომ ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის ერთგული სამუდამოდ. შევეცდები სამომავლოდაც გაგახაროთ"- ამბობს, ლაშა ტალახაძე, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში, ასპარეზობის დასრულების შემდეგ.

ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) აშხაბადის მსოფლიო ჩემპინატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და ორი რეკორდიც დაამყარა. პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა პირველ მისვლაზე 207 კგ. დაძლია, მეორეზე 212 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ხოლო ორიოდ წუთში თავისივე მსოფლიო მიღწევა 5 კილოგრამით გააუმჯობესა. წონამ  217 კგ. შეადგინა. ტალახაძემ აკვრაში 245, 252, 257 კგ. დაძლია, აქედან ბოლო ორი მისვლა სარეკორდო გამოდგა! ასევე სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა ორჭიდის ჯამშიც (474 კგ.), სადაც საუკეთესო შედეგი სამჯერ აჩვენა. ლაშა ტალახაძე, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას 2018 წლის საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს.

ამ დღეს, კიდევ ერთმა ქართველი ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ მსოფლიოს ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საქართველო ძალოსანთა ნაკრების კაპიტანმა შეჯიბრზე ტრავმა მიიღო და აკვრაზე აღარ გამოვიდა. მიუხედავად ამისა, ირაკლი თურმანიძემ ატაცში სამივე მისვლა ((195, 200, 203 კგ.) წარმატებით დაძლია და აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

აშხაბადის ფიცარნაგი წარმატებული კიდევ ერთი ქართველი ძალოსანისთვის გამოდგა. რევაზ დავითაძემ ბრინჯაოს მედალი და 2 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რევაზ დავითაძემ, ატაცში 168 კგ. დაძლია, მეოთხე ადგილი დაიკავა და იუნიორთა შორის 89 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამით,  დავითაძემ იუნიორთა რეკორდი 13 კილოგრამით გააუმჯობესა. ბრწყინვალედ იასპარეზა დავითაძემ აკვრაშიც და 203 კილოგრამს გაართვა თავი და მე-5 ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში 371 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამასთან ერთად კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

ქართველი სპორტსმენები სამშობლოში 12 ნოემბერს ბრუნდებიან.