მანუჩარ მარკოიშვილი იტალიის სერია A-ში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილი იტალიის სერია A-ში ითამაშებს
28.08.2017
ავტორი:

ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი, ევრობასკეტის შემდეგ იტალიაში გაემგზავრება. მარკოიშვილმა ხელი იტალიის „რეჯო ემილიასთან" კონტრაქტს მოაწერა. კლუბი 2017-2018 წლების სეზონზე ევროთასებზე ასპარეზობს და ფლეი-ოფში მოხვედრის პრეტენზია აქვს.

„ევროთასებზე გამოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული გუნდია, ვიმედოვნებთ, რომ ფლეი-ოფის სისტემაში მოვხვდებით. „რეჯო ემილიას" ძირითადი, ბირთვის შეცვლა მოუხდა, მაგრამ კლუბის ამბიცია - ევროთასები და ჩემპიონატში წარმატებაა. ამ ეტაპზე, მოხერხდა კონტრაქტის პირობებზე და ჩვენს მომავალზე შეთანხმება. თუმცა, ჯერ მთელი ჩემი კონცეტრაცია ნაკრებზე არის მიმართული. ევრობასკეტის შემდეგ გადაწყდება, როდის უნდა შევუერთდე გუნდს და იმედია დასახულ მიზნებს მივაღწევთ", - ამბობს მანუჩარ მარკოიშვილი.

იტალიური გუნდის დამხამრე მწვრთნელი ცოტა ხნის წინ თბილისშიც იმყოფებოდა. ის აკვირდებოდა მარკოიშილის თამაშებს. ქართველი კალათბურთელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის, ჯერ კიდევ არ არის მისთვის ჩვეულ ფორმაში, არის ჯანმრთელად და მუშაობს სწორი მიმართულებით.

იტალიურ  "რეჯო ემილიაში" მარკოიშვილის ტრანსფერის შესახებ, ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდიც ავრცელებს. შეგახსნებთ, ქართველი კალათბურთელი, რომელსაც გასული სეზონი ტრავმის გამო მთლიანად გაუცდა, ბოლოს, "დარუშაფაკაში" ირიცხებოდა. მანამდე "ბენეტო ტრევიზოში" (2002-2004), "კანტუს" (2009-2013) შემადგენლობებში თამაშობდა. ამჟამად, მარკოიშვილი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ათენში იმყოფება, საიდანაც დღეს გვიან ისრაელში, ევრობასკეტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საკალათბურო ჩემპიონატზე, პირველ შეხვედრაში, 31 აგვისტოს ლიტვას დაუპირისპირდება.