ხელბურთელთა ეროვნული 9 მაისს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ფლეი-ოფს თბილისში გამართავს
ხელბურთელთა ეროვნული 9 მაისს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ფლეი-ოფს თბილისში გამართავს
07.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორ დღეში, 9 მაისს, ხელბურთში, საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრები, თბილისი არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის პირველი რაუნდის შეხვედრას გამართავს ავსტრიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. 12 მაისს კი, უკვე ვენაში ჩაატარებს საპასუხო შეხვედრას.


აღნიშნული თამაშებისთვის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება 6 ივნისიდან დაიწყო გაფართოებული შემადგენლობით, თუმცა, თუ ვინ მოხვდება მატჩის განაცხადში, ეს დიდი ალბათობით, ხვალ, დილის ვარჯიშის შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტიურად პირველი დღიდან, ტიტე კალანდაძემ გუნდი სრული შემადგენლობით შეკრიბა. თბილისში არიან და გუნდთან ერთად ემზადებიან გორგი ცხოვრებაძე, თეიმურაზ ორჯონიკიძე, მირიან გავაშელიშვილი და სანდრო დარსანიაც, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუნდს ტრავმების გამო ვერ ეხმარებოდნენ. სამწუხაროდ, გუნდთან ერთად ისევ არ არის ნიკოლოზ კალანდაძე.


მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში ხორვატიაში, დანიასა და ნორვეგიაში ტარდება. შესაბამისად, ამ ქვეყნის ნაკრებებს, მასში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიენიჭათ. მათ ევროპის ჩემპიონატის სამი საუკეთესო ნაკრები გუნდი - საფრანგეთი, გერმანია და შვედეთი დაემატებიან. ახლა, გათამაშება ორ-მატჩიანი დუელების ეტაპზეა, საიდანაც საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატის 11 საგზურის მფლობელის ვინაობა გახდება ცნობილი ევროპიდან.