ზესტაფონის მარგვეთმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და სუპელრიგაში ადგილი შეინარჩუნა
ზესტაფონის მარგვეთმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და სუპელრიგაში ადგილი შეინარჩუნა
26.04.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია


ზესტაფონის მარგვეთი სუპერლიგაში დარჩა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა "ა" ლიგის ფინალში ვსა-სთან დამარცხებულსა და სუპერლიგაში გადასვლის განმეორებითი შანსის მქონე "სოხუმი-საქართველოს" საკვალიფიკაციო სერია მშრალად, 3-0 მოუგო და სუპერლიგის დარჩენილი 1 ვაკანტური ადგილი დაიკავა.


ზესტაფონელებმა გასულ სუპერლიგაში ასპარეზობა კარგად დაიწყეს, თუმცა გახშირებული წაგებების გამო უიმედო აუტსაიდერებად გადაიქცნენ, მაგრამ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ნაწილში მარგვეთს მწვრთნელის ცვლილებამ უშველა - გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები მოიგო რუსთავთან, თსუ-სთან, გურჯაანთან და ბათუმთან, რის შემდეგაც ბოლო ადგილს ასცდა, თუმცა ბოლო ტურში ივერიონს ვეღარ მოუგო და საკვალიფიკაციოში სუპერლიგის საგზურის დაცვა მოუხდა.


პრეტენდენტი სოხუმი-საქართველო გახლდათ, რომელმაც "ა" ლიგაში ფინალი წააგო და სუპერლიგაში გადასვლის შანსი მიეცა. ფინალის მომგები ვსა კი პირდაპირი გზით გადავიდა უმაღლესში, სადაც ბოლო ადგილზე გასული რუსთავი ჩაანაცვლა. ზესტაფონელებმა საკვალიფიკაციო სერიის საწყისი 2 შეხვედრა შინაურ არენაზე დამაჯერებლად - ჯამში 38 ქულით მოიგეს და მესამე შეხვედრის სათამაშოდ თბილისს ესტუმრნენ. მატჩი სოხუმელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და პირველივე პერიოდში მასპინძლებმა 17-ქულიანი (!) ლიდერობა მოიპოვეს, 30-13.


ზესტაფონს არ გასჭირვებია ამ უზარმაზარი ჩამორჩენის გაბათილება. მეორე პერიოდი სტუმრებმა 28-17 მოიგეს და დიდ შესვენებაზე სხვაობა 4 ქულაღა იყო. მესამე პერიოდში მარგვეთმა ლიდერობა მოიპოვა, თუმცა თამაში ბოლო წუთებამდე მეტ-ნაკლებად თანაბრად მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა, საბოლოოდ კი ისევ მარგვეთმა იმარჯვა 95-87 (სტატისტიკა) და სერიაში 3-0 დააფიქსირა.


ასე და ამგვარად, მომავალი, 2024-2025 წლების სეზონის სუპერლიგის ყველა მონაწილე ცნობილია. სუპერლიგას 1 ახალი წევრი ეყოლება - ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი, რომელიც დებულების თანახმად, ბოლო ადგილზე გასული რუსთავის ადგილს დაიკავებს.