ვაჟას ოქრო, ეთო ბრინჯაო - ზაგრებში კარგად დაიწყო...
ვაჟას ოქრო, ეთო ბრინჯაო - ზაგრებში კარგად დაიწყო...
25.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ზაგრებში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. პარიზის ოლიმპიური თამაშებამდე ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე საქართველო 15 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ასპარეზობის პირველ დღეს გათამაშებულ ხუთ წონით კატეგორიაში ჩვენებმა ორში სცადეს ძალები და ორივეში მედლები მოიგეს. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს კაცთა ნაკრებს, მიმდინარე ჩემპიონატზე წარმომადგენელი მხოლოდ -60 კგ-ში არ ჰყავდა.

მომდევნო წონა, -66 კგ კი ვაჟა მარგველაშვილმა მოიგო. რომელმაც ფინალში თურქეთის წარმომადგენელი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო. აღსანიშნავია, რომ ორთაბრძოლა, ქართველისთვის უსიამოვნოდ დაიწყო. თურქმა, ვაჟა მისსავე დაწყებულ ილეთზე „დაიჭირა" და ვაზარი აართვა. თუმცა, მარგველაშვილმა, რომელმაც ფინალამდე, სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე იპონით მოიგო, მოახერხა თურქის „გატეხვა" და საბოლოოდ გამარჯვებაც.


მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა -57კგ კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა. ჯგუფის მოსაგებად ქართველმა იტალიელი, ფრანგი და გერმანელი ჯუდოკები გამოთიშა ასპარეზობას. თუმცა, 1/2 ფინალში მომავალ ევროპის ჩემპიონთან, უკრაინელ დარია ბილოდიდთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. ბრინჯაოს მედლისთვის ქართველი, სერბეთის წარმომადგენელ მარიცა პერიშიჩს დაუპირისპირდა. ეთერისთვის შეხვედრა მძიმედ დაიწყო. ჩვენებურს ორი შიდო მისცეს და ამასთან სერბმა ვაზარიც აართვა. თუმცა, „ლიპომ" მოახერხა ძირითად დროში გათანაბრება. დამატებითი დროის დაწყებიდან მალევე კი, იპონით გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.


ამავე წონაში, დღეს, ნინო ლოლაძემაც იასპარეზა, თუმცა, ქართველი საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას.


ხვალ, ზაგრებში მედლების ოთხი კატეგორია გათამაშდება. ჩვენი გუნდიდან ევროპის ჩემპიონატში ქართული გუნდი საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობით იასპარეზებს.


-73 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ჩიხელიძე შეეცდებიან მედლების მოგებას. წილისყრით, საკვალიფიკაციო ბადეში არ შეხვდებიან ერთმანეთს.


პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ, ძიუდოს ქართველი ქომაგს, ერთგვარი უკმარისობა აქვს ტატო გრიგალაშვილის, რომელიც ხვალ -81 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.


ჩვენი გუნდის კიდევ სამი წარმომადგენელი, ეთერ ასკილაშვილი -63 კგ წონით კატეგორიაში, მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი კი, -70კგ წონით კატეგორიაში შეეცდებიან წარმატების მიღწევას.



ფოტოები: (c) Gabi Juan