ახალი სტადიონი, სპორტი - პოლიტიკა, ფეხბურთი და „დინამო თბილისი“
ახალი სტადიონი, სპორტი - პოლიტიკა, ფეხბურთი და „დინამო თბილისი“
22.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, თბილისში, 70000 გულშემატკივარზე გათვლილი საფეხბურთო და სარაგბო სტადიონის მშენებლობის შესახებ დააანონსა.

„გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც, არსებითად, სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვთ სარბენი ბილიკები. ასეთ დროს, მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში. რა თქმა უნდა, ახალი აეროპორტის მშენებლობაც წაადგება მთლიანად სტადიონის სწორად დატვირთვა", - ამბობს ირაკლი კობახიძე.


ამასთან, ირაკლი კობახიძემ გამოთქვა მზაობა, საქართველომ უეფა-ს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზეც გააკეთოს განაცხადი.


„ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკივრებისთვის, ჩვენს დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი", - ამბობს კობახიძე. თუმცა, ამ განცხადებამდე, პრემიერ-მინისტრმა ბოლო წლებში, სანაკრებო დონეზე (გარდა ფუტსალისა) ქართული სათამაშო სახეობების წარმატებაზეც ისაუბრა და  საკლუბო ფეხბურთში, კონკრეტულად კი, ქვეყნის საფეხბურთო ფლაგმანის, „დინამო თბილისში" არსებულ „კრიზისის" ახსნასაც შეეცადა.


მოგვიანებით, საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა", კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას ვრცელი განცხადება გაავრცელა.


„საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, დინამო თბილისზე და პირადად ჩემზე საუბარის შემდეგ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.


პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოუყვანივარ, მითუმეტეს არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნეს საქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდება დინამო თბილისის შეძენამდეც, წლების განმავლობაში.


რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს - სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.


დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო.


დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა.


2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დინამო თბილისის აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია.


მხოლოდ გასულ, 2023 წელს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში დინამო თბილისის აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.


დინამო თბილისის აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში.


წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 4-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 4-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი.


დინამო თბილისი არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია.


ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკერების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.


ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსკლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება.


დინამო თბილისის მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია (მათ შორის 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომელსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.


მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი, განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას, იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა", - ნათქვამია რომან ფიფიას განცხადებაში.