სტაბილურობა და მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანი სტატისტიკა - საქართველოს ფუტსალის ნაკრების პერსპექტივები
სტაბილურობა და მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანი სტატისტიკა - საქართველოს ფუტსალის ნაკრების პერსპექტივები
21.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2024 წლის დეკემბერში,  შეეცდება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებელ გზას დაადგეს. ბუნებრივია, ახალი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაზე წარმატების შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ჩვენს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური „ჯიბიდან ამოაცალეს", კიდევ ერთხელ შეეცდება სათქმელი, კვლავ ევროპის ჩემპიონატზე თქვას, მხოლოდ განსხვავებულ მოცემულობაში და თითქმის სრულად გადახალისებული შემადგელობით.

„ასეთ დროს სტაბილურობა, თუნდაც, იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ უკეთესად ჩანს, გუნდის პოტენციალი. ერთჯერადად მოგება, შესაძლოა ვინმემ, შემთხვევითობას მიაწერო და აქ, უკვე შემთხვევითობა აღარ არის. 5-დან ხუთს როდესაც იგებ, ჩანს, რომ რაღაც შეგვიძლია", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი TSFF.Ge-თან გაკეთებულ კომენტარში.


ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში, ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა, მიმდინარე წლის 30 მაისს გახდება ცნობილი. თამადებამდე კი, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ დეკემბრიდან ჩატარდება ავთანდილ ასათიანის გუნდი მოსამზადებელ ეტაპს აგრძელებს. აპრილში გუნდმა ორი სპარინგი გამართა აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ და ორივეში გაიმარჯვა  3-2, 2-1.


„ამ ოთხმა არა, ხუთმა თამაშმა, იმიტომ რომ პორტუგალიაც, ჩათვალე, რომ 90 %-ი ეს შემადგენლობა ვიყავით. ხუთიდან ხუთი მოგება და გარდა მოგებისა, მომავალი ჩანს. იმიტომ, რომ სტაბილურობა დავიჭირეთ. ამ სტაბილურობას ვაფასებ ყველაზე წინ და არა, კონკრეტულად, რომელიმე თამაშისას", - ამბობს ასათიანი და განაგრძობს: „რა თქმა უნდა, სამუშაო ძალიან ბევრია. კონკრეტულად აზერბაიჯანთანაც, კარგი იყო, ეს ორი თამაში, რომ მოვიგეთ. თუმცა, აქ, აქცენტი, ცოტა სხვა რაღაცაზე უფრო გვაქვს. ფაქტობრივად, ახალი გუნდი კეთდება და სტატისტიკურად, მეტოქის ძალიან დაჯაბნა უფრო მახარებს, ვიდრე რომელიმე კონკრეტული თამაშის მოგება. ამ პროცესში, ბუნებრივია ხედავ კარგსაც და ხედავ უარყოფითსაც, რაზეც მაგალითად, სამუშაო გვაქვს".


აქვე, შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა რომ ორ შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლის გატანა მოვახერხეთ, კარში დარტყმის მხრივ, მოწინააღმდეგესთან შედარებით, საკმაოდ სოლიდური უპირატესობა გვგქონდა. „უკეთეს სტატისტიკაში", ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სწორედ, ამ დეტალს გულისხმობს. რაც შეეხება „სტაბილურობას" შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წელს გამართული ოთხივე სპარინგი მოიგო. ამას გარდა, მოიგო, ფუტსალის მოქმედ ჩემპიონს პორტუგალიის ნაკრებსაც, თანაც გადახალისებული, სწორედ იმ შემადგენლობით, რომლის გამართვასაც ახლა ქართველთა სამწვრთნელო შტაბი ცდილობს. კიდევ ერთი დეტალი, საქართველოს ნაკრები თბილისში გამართულ ბოლო 13 შეხვედრაში დაუმარცხებელია. ალბათ, ესეც სტატისტიკის მცირედი ნაწილია.


„მარტო მე არა, ალბათ, ყველა ხედავს, რომ რაღაც შეგვიძლია და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. სექტემბერსა და ოქტომბერში კიდევ არის ორი ფანჯარა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ და დეკემბერში, შესარჩევისთვის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემადგენლობის მხრივაც საუკეთესო იყოს ყველა გუნდში და არაფერი შეგვეშალოს იმ ტაქტიკურ მონახაზებში, რაც გვექნება. რაღაც გაამართლებს, რაღაც ალბათ, ვერა. მაგრამ უნდა, სწორად შევარჩიოთ ოთხეულები... მწვრთნელებიც ამისთვის ვართ, რომ ეს დეტალები ვიპოვოთ და არ შეგვეშალოს", - ამბობს ასათიანი.


ახალი გუნდის „შენებაში" და  ფუტსალის ეროვნული ნაკრები ცდილობს მაქსიმალურად დაიხარჯოს. დეკემბრის ოფიციალურ სანაკრებო თამაშებამდე კი, სფფ-მ გუნდს 2024 წელს საერთო ჯამში 8 სპარინგი დაუგეგმა. აქედან, ოთხში, საქართველოს ნაკრებმა უკვე იმარჯვა.