„კიტე“ საჩემპიონო ბრძოლაში დაწინაურდა, „კვარა“ და „მამარდა“ ევროტურნირებისთვის იბრძვიან
„კიტე“ საჩემპიონო ბრძოლაში დაწინაურდა, „კვარა“ და „მამარდა“ ევროტურნირებისთვის იბრძვიან
21.04.2024
ავტორი: მარიამ მესხი

პარასკევს და შაბათს ქართველი ლეგიონერების კლუბებმა საკუთარ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გამართვეს.


19 აპრილს ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტური ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა" გახსნა. ქართველის ნახევარმცველის გუნდმა ვენის „რაპიდს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა. კიტეიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და „რაპიდის" წინააღმდეგ, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა. თუმცა, მატჩის ერთადერთი გოლი მიკა ბიერეტმა გაიტანა, რომელმაც მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომით ისარგებლა და „შტურმს", უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს, ოთარ კიტეიშვილმა კი, მოედანზე გატარებულ 84 წუთში შეფასება 7.2 დაიმსახურა. ამ დროისთვის გრაცის „შტურმი" საჩემპიონო ჯგუფში 35 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა. კიტეს გუნდის უშუალო კონკურენტი, „ზალცბურგი" კი, მის თამაშს 21 აპრილს, „კლაგენფურტის" წინააღმდეგ გამართავს.


ლალიგა 2-ის 36-ე ტურში კი გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე" სტუმრად, „რასინგ სანტენდერს" დაუპირისპირდა. მატჩი უგოლო ფრით, 0-0 დასრულდა. ქოჩორაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, შეიცვლელად ითამაშა და შეფასება 7.1 დაიმსახურა. ქართველი ნახევამრცველის გუნდი ლალიგა 2-ის 36-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 52 ქულით მეთერთმეტე ადგილზე იმყოფება, თუმცა, ლალიგაში გადასასვლელ საპლეიოფო ზონას (მეექვსე ადგილი), მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. 37-ე ტურში ლევანტე 28 აპრილს, კართაგენას უმასპინძლებს.


სერია ა-ს 33-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი", „ემპოლის" დაუპირისპირდა. ნეაპოლურმა კლუბმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით 0-1 წააგო და საჩემპიონთალიგო ზონას კიდევ უფრო დაშორდა. 33 ტურის შემდეგ კვარაცხელიას კლუბი 49 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 იტალიური კლუბი იასპარეზებს.


ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი წააგო გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ", რომელმაც „რეალ ბეტისს" უმასპინძლა. მატჩის მეცხრამეტე წუთზე აიოსე პერესმა ვალენსიას მცველებს აჯობა და პრაქტიკულად ქართველ მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, სადაც მამარდაშვილს აჯობა და ანგარიში გახსნა. წონასწორობის აღდგენა ვალენსიურმა კლუბმა 66-ე წუთზე, პეპელუს პენალტით შეძლო, თუმცა ბეტისი 77-ე წუთზე პერესის დუბლით კვლავაც წინ გავიდა და საბოლოო ანგარიშიც, 1-2 დაფიქსირდა. 32 ტურის შემდეგ „ვალენსია" ლალიგაში 47 ქულით მერვე ადგილზეა და საევროტურნირო ზონას, მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. 33-ე ტურში „ღამურები" სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდებიან.


საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო" სტუმრად „სენტ ეტიენს" დაუპირისპირდა. ქართველი ნახევამრცველი მთელი თამაშის განმავლობაში შესანიშნავი იყო და აქტივში საგოლე გადაცემაც მიითვალა. მატჩის 42-ე წუთზე დავითაშვილის დაცვაში შესანიშნავი თამაშის შემდეგ „ბორდომ" კონტრშეტევა წამოიწყო, საბოლოოდ კი ქართველი ფეხბურთელის ასისტით პედრო დიასმა ბორდო დააწინაურა. 83-ე წუთზე ალბერტ რიერამ ზურიკო დავითაშვილი შეცვალა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ და მეოთხე წუთებზე კი ირვინ კარდონას დუბლის წყალობით „სენტ ეტიენმა" თამაშის შემობრუნება და გამარჯვებაც მოახერხა. 33 ტურის შემდეგ „ბორდო" 41 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ქართველი ფეხბურთელის გუნდი შინ დანკირკს დაუპირისპირდება.