ევროპის ჩემპიონატამდე ნაკრების ბიჭების "მოსავალს" ვიღებთ...
ევროპის ჩემპიონატამდე ნაკრების ბიჭების "მოსავალს" ვიღებთ...
16.04.2024
ავტორი: მარიამ მესხი

გერმანიის ქალაქებში ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებების საპატივცემულოდ ბრენდირებულმა ტრამვაიმ, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებსაც მიესალმება და ელის გერმანიში, სიარული უკვე დაიწყო. მოგზაურობს უეფა-ს ევროპის ჩემპიონთა მთავარი ტროფეიც. ეს კი, ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე დრო სულ უფრო მცირდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე, ქართული კვოტით გათვალისწინებული ყველა ბილეთი გაყიდულია. თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს, ქართული ლეგიონის გამართული თამაში, ყველაზე მეტად ახარებს. მაშ ასე, ევროპულ ლიგებში გასული ტურები ქართველი ლეგიონერების შედეგიანობის მხრივ, საკმაოდ გამორჩეული იყო.


12 აპრილს ჟორჟ მიქაუტაძის „მეცმა", საფრანგეთის ლიგა 1-ში ლანსს უმაპინძლა. აიაქსიდან იჯარის წესით დაბრუნებული ქართველი ფორვარდი უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში საუკეთესო იყო. მეცამეტე წუთზე, ფლორიან სოტოცას ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით „ლანსი" წინ გავიდა, თუმცა ქართველმა შემტევმა პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა და მეცს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. 29-ე ტურის შემდეგ, მეცი 26 ქულით გასავარდნ ზონაშია და მე-17 ადგილს იკავებს. მიქაუტაძის გუნდს, მე-15 ადგილთან, რომელიც ლიგა 1-ში დარჩენის გარანტიას იძლევა, 2 ქულა აშორებს.


13 აპრილს კი საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დვითაშვილის „ბორდომ" „ბასტიას" უმასპინძლა. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და თავი გოლითაც გამოიჩინა. სამწუხაროდ, ზურიკოს გოლი ბორდოს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა. ბასტიამ მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ 32 წუთში გადაწყვიტა. სტუმრებმა ქართველი ნახევარმცველის გუნდს სამი გოლი გაუტანეს და 3-0 დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს ერთი გოლის გაქვითვა სწორედ დავითაშვილმა მოახერხა. საბოლოოდ ბორდო ბასტიასთან ანგარიშით 2-3 დამარცხდა. 32 ტურის შემდეგ კი დავითაშვილის კლუბი ლიგა 2-ში 41 ქულით მეცამეტე ადგილს იკავებს.


ინგლისის ჩემპიონშიპში კი, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი" „საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. სამწუხაროდ, ჩაკვეს გუნდი, დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2-3 დამარცხდა. უოტფორდი ჩემპიონჩიპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე52 ქულით მეთხუთმეტე ადგილზე იმყოფება.


შაბათს, 5 ტურით ადრე, ჩემპიონობა იზეიმა ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას სლოვანმა. ქართველი ლეგიონერების კლუბი სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა. კაშიამ და კანკავამ კი,  „სლოვანთან" ერთად ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმეს. „დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. ხოლო, ჯაბა კანკავა მატჩის განაცხადში არ ყოფილა. მატჩი უგოლო ფრით 0-0 დასრულდა, თუმცა ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის ჩემპიონობის ნაადრევად განაღდებისთვის ქულაც საკმარისი აღმოჩნდა.


პოლონეთის ეკსტრაკლასაში, ნიკა კვეკვესკირის „ლეხი" სტუმრად „პუშჩას" დაუპირისპირდა. ნიკამ მატჩი სატადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მატჩში 76-ე წუთიდან ჩაერთო. სამწუხაროდ, ქართველი ნახევამრცველის გუნდი 28-ე ტურში დამარცხდა და საჩემპიონო ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.


ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ" კი, სტუმრად ჩემპიონატის ლიდერს, „იაგილონიას" მოუგო. ქართველმა მცველმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩში ანგარიში ავტოგოლით, მეცხრე წუთზე გაიხსნა. გიტამ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და იაგიელონია დააწინაურა, თუმცა სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა 22-ე წუთზე შეძლეს, სამ წუთში, 25-ე წუთზე კი წინაც გავიდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა პულულუმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, „კრაკოვიას" შემადგენლობიდან მესამე გოლი იანი ატანასოვმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 28-ე ტურის შემდეგ კაკაბაძის „კრაკოვია" 32 ქულით მეთორმეტე ადგილზეა.


ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში  მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც სტუმრად „ჰარტბერგს" მოუგო და მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოიპოვა. 63-ე წუთზე კიტეიშვილმა კიდევ ერთი პენალტი ზუსტად შეასრულა და შტურნი კომფორტული უპირატესობით 2-0 დააწინაურა. 90-ე წუთზე კი ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემაც მიითვალა. საჩემპიონო ლიგაში „შტურმი" 32 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა პირველადგილოსანი „ზალცბურგი", რომელსაც ასევე 32 ქულა აქვს, მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ოთარ კიტეიშვილის გუნდი 19 აპრილს, „რაპიდს" დაუპირისპირდება.


ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპვა გიორგი ქვილითაიას „აპოელმაც", რომელიც კვიპროსის საჩემპიონო ჯგუფში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ლარნაკას", მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ქართველმა ფორვარდმა პაპოსთან დაპირისპირებაში 61-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გახსნა და აპოელი დააწინაურა. საბოლოოდ კი, მატჩი „აპოელის" სასარგებლოდ, ანგარიშით 2-0 დასრულდა. 21 აპრილს კვიპროსის ჩემპიონატში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, სადაც ჩემპიონის ვინაობაც გადაწყდება. ქვილითაიას „აპოელი" კი, არის „ლიმასოლს" უმასპინძლებს.


სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი",  გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს" დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბული მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. კვარაცხელიამ, საგოლე პასი მიითვალა. ნეაპოლელები მე-16 წუთზე, მატეო პოლიტანოს გოლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმის მოგებაც შეძლეს, თუმცა მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისშივე, 50-ე წუთზე ფროზინონემ ანგარიში ჩედირას გოლით გაათანაბრა. 63-ე წუთზე კი კვარას გადაცემით, ვიქტორ ოსიმენმა პარტენოპეი კვლავ წინ გაიყვანა, 2-1. 73-ე წუთზე, ვალიდ ჩედირამ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 2-2. „ფროზინონეს" რიგებში სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა გიორგი კვერნაძე, თუმცა ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ მისცემია.


ლალიგის 31-ე ტურში  გამორჩეული თამაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარის გიორგი მამარდაშვილისთვის. მამარდამ ესპანურ კლუბს პირველად უკაპიტნა. „ვალენსია" კი, სტუმრად „ოსასუნას" დაუპირისპირდა და ანდრე ალმეიდას გოლით, მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა. მატჩის დამატებულ მეექვსე წუთში ქართველი გოლკიპერის კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა, ანტე ბუდიმირმა პენალტი ძალიან ცუდად დაარტყა და გიორგი მამარდაშვილს, მისი დაფიქსირება არ გაჭირვებია. ამ გამარჯვებით ღამურები ევროტურნირების ზონას მიუახლოვდნენ, მეექვსე ადგილზე (კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო) მყოფ „რეალ სოსიედადს", მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.