„კვარტალმა“ კვლავ მოიგო და ჩემპიონატს მაქსიმალური ქულებით ლიდერობს
„კვარტალმა“ კვლავ მოიგო და ჩემპიონატს მაქსიმალური ქულებით ლიდერობს
13.04.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი


ქალთა ლიგის 2024 წლის გათამაშებას 5 ტურის შემდეგ, ქულების დანაკარგის გარეშე ლიდერობს თბილისის „კვარტალი", რომელიც მიმდინარე სეზონში, ყველა გუნდისთვის სერიოზული ძალა და თავსატეხი გახდა.


თბილისელებმა, ამ ტურში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში მეორე თბილისურ კლუბს, „ელიტას" უმასპინძლეს, მშრალი ანგარიშით 9-0 დაამარცხეს. თამაშში, რომელიც „კვარტალის" სრული უპირატესობით წარიმართა 3-3 გოლი ანასტასია ბოლქვაძემ (8', 31', 60') და ნათია დანელიამ (21', 37', 48') გაიტანეს.  დუბლი, მეგი ეჯიბიას (75', 78') ანგარიშზეა, ერთი გოლი კი ნათია წოწერიამ (64') გაიტანა.


კიდევ უფრო დიდი ანგარიშით 1-13 დასრულდა შეხვედრა ხობში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტში, სადაც ადგილობრივმა „კოლხეთმა" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ლანჩხუთს" უმასპინძლა. ანგარიში მე-17 წუთზე, მასპინძელთა ავტოგოლით გაიხსნა. რასაც მალევე ეთერ სულაშვილისა და ლანა გორგაძის გოლები მოჰყვა და ჩემპიონი 0-3 დაწინაურდა. შესაძლოა, სწორედ ამ მომენტმა იქონია მთლიანად თამაშზე დიდი გავლენა, რადგან დარჩენილ დროში, თუ არ ჩავთვლით, 89-ე წუთზე თამარ ალანიას გატანილ გოლს, გოლები მხოლოდ სტუმრებს გაჰქონდათ. მატჩი პოკერი ქართული ქალთა ჩემპიონატების ერთ-ერთმა გოლეადორმა ეთერ სულაშვილმა (26', 34', 37, 65'), შეასრულა. მასზე ერთი ნაკლები გოლის გატანა მოახერხა კელი გიდსმა (41', 78', 84'). დუბლი გაიფორმეს ლანა გორგაძემ (23', 70') და ირინა ხაბურზანია (45', 54'),  ერთი გოლი კი ანა  გობრონიძის (73') ანგარიშზეა.


1-8 დასრულდა შეხვედრა ანგისას ჯონი ბაკურაძის სახელობის სტადიონზე, რომელშიც, „ბათუმი", თბილისის „ნიკე-ლუსოსთან" დამარცხდა. სტუმრებმა, თითო ტაიმში 4 გოლი გაიტანეს და თამაშის გაკონტროლება სრულად მოახერხეს. ანგარიში მე-17 წუთზე სტუმართა გუნდის ლეგიონერმა ოტანდეკა ლაკიმ გახსნა. ტაიმის დასრულებამდე, თითო გოლის გატანა ნინო ბუხრიკიძემ (30'), ელენე კახნიაშვილმა (38') და ლესლი რამირესმა მოასწრეს, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლით, მხოლოდ „დაიწყო" და საბოლოოდ, ბათუმელთა კარში ოთხი ბურთიც გაიტანა (44' 47', 74', 79'). შეხვედრის ბოლო ათწუთეულში, ნიკელთაგან თავი ელენე ჩიქოვანმა (85') გამოიჩინა. აი, ამის შემდეგ კი, პრესტიჟის გოლი კატერინა მალიშევამ გაიტანა.


უხვგოლიანი ტური კი, ერთი დღით ადრე, თბილისში, სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში დაიწყო და „ნორჩმა დინამომ" 5-1, ქუთაისის „მართვე" დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში, მე-7 წუთზე ანა ჯანელიძის გოლის შემდეგ სტუმრებმა გახსნეს, რასაც თბილისელებმა პირველივე ტაიმში ოთხი გოლით უპასუხეს. სამი გოლის გატანა მოახერხა 16 წუთიან მონაკვეთში ანანო წიქარიძემ (15', 27', 31'(პ)), 39-ე წუთზე კი, მარიამ ოლქაიშვილმა მასპინძლები დამაიმედებლად დააწინაურა. მეორე ტაიმში, ანასტასია ბუჩუკურმა ქუთაისელთა კარში კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და „მართვეს" თამაშის გადარჩენის ყველა იმედი გადაუწურა.


ქალთა ლიგის ამ ტურში საერთო ჯამში, 38 გოლი გავიდა. ერთადერთი მეკარე კი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა თათია გაბუნიაა („კვარტალი").


ქალთა ლიგის მე-6 ტური 21 აპრილს არის დაგეგმილი, თუმცა, მანამდე 17 აპრილს გამოტოვებული მე-2 ტურის 2 მატჩია ჩანიშნული.