ევრო 2024, ანტიდოპინგური კამპანია, ვალდებულებები
ევრო 2024, ანტიდოპინგური კამპანია, ვალდებულებები
10.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი დავით ხარაბაძე, ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის მონაწილე ნაკრებების ექიმებთან ერთად, ამჟამად გერმანიაში, დიუსელდორფში იმყოფება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა ექიმმა, ამ შეხვედრისას დოპინგ საწინააღმდეგო ქარტიას მოაწერა ხელი.


აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით ევრო 2024-ზე მონაწილე გუნდის სამედიცინო შტაბები იღებენ სრულ პასუხისმგებლობას, რომ არ გამოიყენებენ აკრძალულ მედიკამენტებსა და მეთოდებს, დაემორჩილებიან უეფა-ს მიერ შეთავაზებულ ყველა ანტიდოპინგურ წესს და მონაწილეობას მიიღებენ, ევროპული ფეხბურთის სახლის მიერ შეთავაზებულ სატესტო პროგრამაში.


ქარტიაზე ხელმოწერით სანაკრებო სამედიცინო პერსონალი ვალდებული ხდება ნაკრების მოთამაშეთა შორის, ისევე როგორც გუნდებში მომუშავე სხვა პერსონალს შორის აამაღლოს ცნობიერება და აღნიშნული თემისადმი დამოკიდებულება.


თავად უეფა-ს ევრო 2024-სთვის განსაკუთრებული დოპინგ-საწინააღმდეგო პროგრამა აქვს შემუშავებული, რომელსაც როგორც თავად უეფა-ში თვლიან, არის სამართლიანი და უსაფრთხო, ევრო 2024-ზე მონაწილე ყველა ნაკრებისა და ფეხბურთელისთვის.


-       მატჩის შემდგომი ტესტები

-       არა საშეჯიბრო დღეს ჩატარებული ტესტები (მათ შორის საწვრთნელ მოედნებსა და სასტუმროებში)

-       ტესტირებისთვის შემთხვევითობის პრინციპით ან დაგეგმილად შერჩეული ფეხბურთელები;

-       სისხლისა და შარდის ანალიზები, რომლებიც მოგვიანებით დამუშავდება ლაბორატორიულად WADA-ში ;


უეფა-ს თავის საინფორმაციო წერილში ხაზს უსვამს, რომ ეს მოქმედებები, ფეხბურთის „სუფთად" შენახვაში დაეხმარებათ.


როგორ იმუშავებს დოპინგ საწინააღმდეგო კამპანია ევრო 2024-ზე?


უშუალოდ შეჯიბრის მომენტში, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, 51-ვე მატჩის დროს ჩატარდება დოპინგ-კონტროლი. ამასთან უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განმარტავენ, რომ კონტროლს დაექვემდებარება ყველა მოთამაშე, მათ შორის ისინი ვინც თამაშის განაცხადშია თითოეული გუნდიდან, ამასთან, შერჩევითი პრინციპის გარდა, დოპინგ-კონტროლმა შესაძლოა დამატებით სხვა მოთამაშეების შემოწმებაც მოითხოვოს.


ანალიზის პასუხები გუნდებს 48 საათის განმავლობაში დაუბრუნდებათ. რაც შეეხება, თავად ნიმუშებს, ისინი WADA-ში 10 წლის მანძილზე შეინახება.


როგორც აიღებენ ტესტებს არა საშეჯიბრო პერიოდში?


უპირველესად, ევრო 2024-ის მოსამზადებელი პერიოდის წინ, 24-ვე გუნდის ყველა მოთამაშე გაივლის დოპინგ ტესტებს.


ამ, საკმაოდ ფართო მასშტაბურ საქმიანობაში, ჩართული იქნებიან დოპინგ საწინააღმდეგო ეროვნული ორგანიზაციები, რომლებიც თავის მხრივ, ფიფა-ს მიერ გაკონტროლდებიან დაბალანსებული პროგრამებით. აქ, ალბათ, ყველაზე საინტერესო ის გარემოებაა, რომ ამ სახის შემოწმება ნებადართულია ნებისმიერ დღეს, დროსა და ადგილზე, რომელიც ფეხბურთელების შესახებ, ეროვნული ფედერაციებიდან უეფა-ს ექნება მიწოდებული.


უეფა-ს ევრო 2024 წლის ანტიდოპინგური კამპანიის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ე.წ. მოთამაშის ბიოლოგიური პასპორტია (ABP), რომელიც დროში გაწელილად მოთამაშეების სისხლისა და შარდის ანალიზიდან აღებულ სინჯებს დააკვირდება.




სტატია მომზადებულია UEFA.com - ის მიხედვით და გამოყენებულია ფოტო აღნიშნული მასალიდან