შენგელიას 16 ქულა 19 წუთში და ვირტუსის იოლი გამარჯვება ვენეციაში
შენგელიას 16 ქულა 19 წუთში და ვირტუსის იოლი გამარჯვება ვენეციაში
07.04.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელიას მხოლოდ 19 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. თანაც როგორ პრინციპულ მეტოქესთან: ქართველი ფორვარდის "ვირტუს ბოლონია" სტუმრად "ვენეციას" ხვდებოდა, გუნდს, რომელსაც ამ მატჩამდე ვირტუსის მსგავსად 17 გამარჯვება და 8 მარცხი ჰქონდა. ანუ ბოლონიელები უშუალო კონკურენტს ხვდებოდნენ, თანაც გასვლაზე და სწორედ ამ შეხვედრაში ულიდერა შენგელიამ თავისიანებს. 

ვირტუსმა უშუალო კონკურენტი ძალიან იოლად, 89-70 დაამარცხა, რაშიც ქართველი ფორვარდის წილი უდიდესია. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულით თორნიკე თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. ამასთან, ქართველმა ლეგიონერმა 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მიითვალა.


18 მოგებითა და 8 წაგებით ვირტუს ბოლონია სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 აპრილს, კრემონას უმასპინძლებს.