ზედიზედ სამი დღე კვარცხლბეკზე!
ზედიზედ სამი დღე კვარცხლბეკზე!
06.04.2024
ავტორი: TSFF.GE

გუშინ, პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში,  იუნიორთა (ახალგაზრდული) შორის, ბატუტისტების სინქრონული წყვილების შეჯიბრი გაიმართა. ამ დისციპლინაში, საქართველოს გოგონათა შორის, ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის, ხოლო ვაჟებში ლუკა ლომთათიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ასპარეზობდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჟებმა კარგად იასპარეზეს და მე-3 ადგილით გაინაღდეს  ფინალში გამოსვლის უფლება, ხოლო ჩვენმა გოგონებმა ყველას აჯობეს და პირველი ადგილით მოხვდნენ ფინალში.


უშუალოდ, ფინალში ჩვენ ვაჟებმა ბოლომდე იბრძოლეს და სულ ცოტა დააკლდათ მესამე ადგილის მოსაპოვებლად. შესაბამისად, მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. აი გოგონებმა, კი ტიტულის დაცვა მოახერხეს და მეორედ ზედიზედ ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს. ქალთა ასპარეზობაში, მეორეზე გავიდა აზერბაიჯანული წყვილი, ხოლო მესამეზე პოლონური წყვილი გავიდა.


აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ბატუტისტები, უკვე მესამე დღეა ზედიზედ იგებენ მედლებს ევროპის ჩემპიონატზე: პირველი დღეს, ქართველებმა იუნიორთა გუნდური ოქრო, მეორე დღეს სინიორების გუნდური ვერცხლი, გუშინ კი, იუნიორთა სინქრონული ოქროს მედლები მოიგეს.