პატარა რევანშით და ჯგუფიდან გასვლის ამბიციით, ქალთა ეროვნული ახალი შესარჩევისთვის ემზადება
პატარა რევანშით და ჯგუფიდან გასვლის ამბიციით, ქალთა ეროვნული ახალი შესარჩევისთვის ემზადება
01.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მცირედი ცვლილებებით და უცვლელი შემართებით, ირის ანტმანის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ახალი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.  ქართველთა სამწვრთნელო შტაბს შეკრების დაწყებისთანავე, რამდენიმე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა. კერძოდ, თამარ ტატუაშვილისა და ტატა მატვეევას ნაცვლად, რომლებმაც კლუბებში თამაშისას ტრავმა მიიღეს, შეკრებაზე მარიამ ცისკარიშვილსა და ანა წულაიას გამოუძახეს.

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის პირველ შეხვედრებს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჯერ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს და ლიეტუვას დაუპირისპირდება და შემდეგ, 9 აპრილს, კვიპროსზე გაემგზავრება, სადაც, ბელარუსის იმ ნაკრებს შეხვდება, რომელიც ჯგუფში ფავორიტადაა მიჩნეული.


„გოგონები მოტივირებულები არიან და იციან, რა შესაძლებლობა ეძლევათ. ვერ ვიტყვი, რომ წილისყრაში გაგვიმართლა. ბელარუსი ძალიან კარგი გუნდია, ვიცით, რომ ლიეტუვის ნაკრები გაძლიერდა, რადგან ტრავმირებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ იგივე მეტოქესთან მეორე შანსი ხშირად არ გვეძლევა. გვახსოვს, რომ ლიეტუვასთან საკუთარ მოედანზე წავაგეთ. მტკივნეული მარცხი იყო, თუმცა ასევე გვახსოვს სტუმრად მოპოვებული ქულა და კარგი თამაში ჩვენი მხრიდან. ასე რომ, გვსურს გავაგრძელოთ განვითარება, გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი, ვისწავლოთ თითოეულ მატჩში და გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში", - ამბობს ირის ანტმანი.


თუმცა, ბელარუსთან მატჩამდე, ქართველ გოგონებს 2023 წლის 31 ოქტომბერს, ლიეტუვასსთან, სახლში წაგებული თამაშის გამო, რევანში აქვთ ასაღები.


„ჩვენი მიზანი საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან გასვლაა. ლიეტუვას კარგად ვიცნობთ, რადგან წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორჯერ მოგვიწია თამაში. ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მაყურებელი გავახაროთ. ლიეტუვასთან მატჩის შემდეგ, შევისწავლით ბელარუსს და მათთანაც გამარჯვებაა ჩვენი მიზანი", - ამბობს ნათია დანელია.


„გუნდში კარგი გარემოა. რთული მეტოქეები გვყავს ჯგუფში. მაგრამ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგები მივიღოთ. ლიეტუვასთან გასვლაზე ფრე ვითამაშეთ, სახლში სამწუხაროდ დავმარცხდით და ახლა ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ", - ამბობს გვანცა ქადაგიშვილი.


5 აპრილს, ლიეტივასთან შეხვედრა, რომელზე დასწრებაც თავისუფალია, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:


მეკარეები: სვეტლანა გაბელაია („კოლხეთი", ხობი), თათია გაბუნია („კვარტალი"), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი"); დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი („ლანჩხუთი"), მარიამ კალანდაძე ("ლანჩხუთი"), სოფიკო ნარსია ("ლანჩხუთი"), ელენე ენჯიბაძე ("ნიკე-ლუსო"), სალომე გასვიანი ("კვარტალი"), ნინო ჩხარტიშვილი ("ლანჩხუთი"), ნათელა წოწერია ("კვარტალი");  ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი ("კვარტალი"), სალომი დიმოპულუ ("კვარტალი"), ნათია დანელია ("კვარტალი"), ანა წულაია ("ლანჩხუთი"), ანა ჩემინავა („თრაბზონსფორი"), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი", გერმანია), მარიამ ცისკარიშვილი ("კვარტალი"), ლიზი მწყერაშვილი ("ნიკე-ლუსო"), თეონა ბაქრაძე („თრაბზონსფორი"), ნინი ბუხრიკიძე ("ნიკე-ლუსო"), ანასტასია ბოლქვაძე ("კვარტალი"), მაიკო ბებია ("ნიკე-ლუსო"), თინათინ ამბალია ("ლანჩხუთი").



ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი