საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
27.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

1981 წლის 13 მაისის გამარჯვების აღსანიშნავად გამოშვებული საკოლექციო მონეტის შემდეგ, ქართული ფეხბურთის უკვდავსაყოფად ეროვნული ბანკი კიდევ ერთ საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. 26 მარტს, ევრო 2024-ის ფლეი-ოფში გამარჯვებისთანავე, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა ბერძნბეთან „ჯახის" შემდეგ მიაღწია, გამოჩნდა ინფორმაცია, ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უკვე ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა.


„ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.


შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს.


საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.


2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით "ევრობასკეტი 2022"-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა", - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ამ მომენტისთვის, როგორც განცხადებიდან ჩანს, ეროვნული ბანკი იწყებს მონეტის დიზაინზე სფფ-სთან ერად მუშაობას. ასევე, ამ ეტაპზე არაა დაკონკრეტებული, თუ რა ნომინალის მონეტა მოიჭრება.