საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
27.03.2024
ავტორი: მარიამ მესხი / ფოტო თამარ ჯიშკარიანი

2023 წლის 1 ივლისს, „დინამო არენაზე" გიორგი მამარდაშვილის გუნდი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ისრაელის ნაკრებთა პენალტების სერიაში დამარცხდა. მაშინ გიორგისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის, ეს დიდი დარტყმა იყო, თუმცა, იმ თანაგუნდელებიდან ერთმა ზურიკო დავითაშვილმა დღეს კვლავ გაიტანა პენალტი, მამარდაშვილმა კი, საბერძნეთის პირველი დარტყმული აიღო, საბოლოოდ კი, მისმა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.




„ახლა ჩვენ სამი წლის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი მივიღეთ. შესაძლოა, ადრე ბევრი ფიქრობდა, რომ მე ამ გუნდიდან უნდა წავსულიყავი, მაგრამ მუდამ იმის ახსნას ვცდილობდი, რომ შედეგის მიღწევას თვეები და ხშირად წლებიც კი სჭირდება.


წასვლაზე არასდროს მიფიქრია. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჩემს გარშემო პროფესიონალები არიან შეკრებილნი და მათთან ერთად მუშაობა კომფორტულია.


პენალტების სერია? ამაზე ბევრი ვიმუშავეთ. ქოჩორაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ პირველად მას დაერტყა. ის ნამდვილი პროფესიონალია. პენალტის შესრულებას დიდი კვერცხები სჭირდება. კვეკვესკირმა, ბოლო პენალტი შეასრულა და ამით ხასიათი აჩვენა. მინდა, რომ ბიჭებს ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადავუხადო", - ამბობს ვილი სანიოლი.



ვილი სანიოლის პრეს-კონფერენციამდე, საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, "დინამო არენის" საპრესკონფერენციო ოთახში მედიისთვის "პრესკონფერენცია" გამართეს და გულშემატკივარს, გამარჯვება მიულოცეს. ამ დაუგეგმავ პრესკონფერენციაზე "ჩაკვესთან", "კვარასთან", ზურიკოსთან, "წიტასთან", "ქვილითასთან", "მამარდასთან", გოჩოლეიშვილთან, "ლოჩოსთან", დვალთან ერთად, თორნიკე ოქრიაშვილიც ამოვიდა. ბიჭებმა "პრესკო" გაგვიკეთეს და წავიდნენ...




საქართველოს ნაკრებმა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩი პენალტების სერიაში 4-2 მოიგო. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 0-0 დასრულდა. 11-მეტრიანი დარტყმები კი,  ზუსტად გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა შეასრულეს.


მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ ფან-ზონაში, გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. პირველ შეხვედრას, პირველ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.