ვილი მოედანზე შექმნილი აჟიოტაჟის გამო ვერ ვნახე
ვილი მოედანზე შექმნილი აჟიოტაჟის გამო ვერ ვნახე
27.03.2024
ავტორი: მარიამ მესხი / ფოტო თამარ ჯიშკარიანი

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.

დაძაბული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულდა. 11-მეტრიანების სერიაში კი, საქართველოს ნაკრებმა 4-2 მოიგო. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში გიორგი მამარდაშვილი იტყვის, რომ მან იცოდა, რომელ კუთხეში დაარტყამდა  ტასოს ბაკასეტასი რადგან მას, მანამდე 4 პენალტი სწორედ ამ კუთხეში ჰქონდა დარტყმული. მაშინ როდესაც მამარდა მედიისთვის შერეულ ზონაში კომენტარს აკეთებდა, „დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ბერძენთა მთავარი მწვრთნელი, პროტოკოლით გათვალისწინებულ პრესკონფერენციაზე ამოვიდა და ძალიან დიდხანსაც არ დაჰყო.


„ვულოცავ სრულიად საქართველოს და პირადად ვილი სანიოლს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. მე მისი ნახვა ვერ მოვახერხე მოედანზე შექმნილი აჟიოტაჟის გამო. თამაში დაძაბული იყო, რაც ფინალისთვის სრულიად ნორმალურია. როდესაც გუნდები თავისი ქვეყნისთვის თამაშობენ, ისინი თავიანთ პოტენციალის მაქსიმუმს ავლენენ. ჩვენ ბოლო ორ თამაშში, ნახევარფინალსა და ფინალში გოლი საერთოდ არ გაგვიშვია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მაინც ვერ გავედით. ეს სამწუხაროა", - ამბობს გუსტავო პოიეტი, რომელის კონტრაქტიც საბერძნეთის ნაკრებთან 30 მარტს იწურება და შესაბამისად, მისი გახანგრძლივებაც სწორედ, ამ თამაშზე იყო დამოკიდებული.


საბერძნეთის ნაკრებმა ამჯერად საქართველოდან „ოქროს საწმისი" - ევრო 2024-ის საგზური ვერ წაიღო. ქართველთა ნაკრებმა ელინური მითი დაარღვია და ორთვენახევარში, გერმანიაში გაემგზავრება.