„დინამო არენას“ ატმოსფერო ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნოთო, ვედებითო...
„დინამო არენას“ ატმოსფერო ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნოთო, ვედებითო...
25.03.2024
ავტორი: მარიამ მესხი / ფოტო თამარ ჯიშკარიანი

უკვე ხვალ, 26 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში დინამო არენაზე საბერძნეთს უმასპინძლებს და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვებას შეეცდება.


მატჩამდე საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუს პოიეტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ჯერ ქართველებს, რომლებმაც გუსს, საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირებების შესახებ შეახსენეს და შემდეგ კი ბერძნებს, რომლებიც ლუქსემბურგელებივით დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ოლიმპოს მთიდან ჩამოსული ღმერთები დაეხმარებიან.




„ჩემთვის წარსულს არანაირი მნიშვნელობა აქვს. მე იმ თამაშებში, სადაც საბერძნეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს ამარცხებდა, არ ვყოფილვარ, ამიტომ, ვერ გეტყვით, გუნდებს შორის ეს ურთიერთშეხვედრების ბალანსი კარგია თუ არა. ჩვენ ეს გუნდი შევისწავლეთ და ჩემი დავალებაც ეს იყო, რომ ამ მატჩისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. ორივე გუნდის შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ისინი ძალიან კარგი მოთამაშეები არიან და ხვალ მენტალური გამძლეობა ბევრ რამეს გადაწყვეტს. ხვალ ძალიან კარგები უნდა ვიყოთ, უნდა ვაკონტროლოთ ბურთი, შეტევაში იდეალურად უნდა ვითამაშოთ და როცა საჭირო იქნება, თავი კარგადაც დავიცვათ", - ამბობს პოიეტი.


ქართველი ჟურნალისტების შეკითხვაზე, აპირებდა თუ არა გამარჯვებული გუნდის შემადგენლობის შეცვლას ბერძენთა თავკაცი, გუსმა უპასუხა, რომ ის და სანიოლი რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული, რომ ისიც, მასსავით გამარჯვებულ გუნდს არ შეცვლის, შესაბამისად, ბერძნები გამორიცხავენ, რომ ხვალ თუნდაც, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოდან დაიწყებს.




„ხვალინდელ მატჩზე პროგნოზის გაკეთება არ მსურს, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება პირველივე წუთებიდან მაქსიმალური კონცენტრაცია და ბოლომდე დახარჯვა. ეს ფინალია და ფინალში აშკარა ფავორიტები არ არსებობენ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ ხვალინდელ მატჩში ფავორიტები ვართ. გუნდი ძალიან კარგ განწყობაზეა, 100%-ით მზად ვართ. თუ გიყვარს ფეხბურთი და ხარ პროფესიონალი უნდა გინდოდეს, რომ ისეთ ატმოსფეროში გიწევდეს თამაში, როდესაც მთელი სტადიონი სავსეა. ვნახოთ, იქნებ „დინამო არენას" ატმოსფერო ჩვენს სასარგებლოდ შემოვატრიალოთ. ბათუმში რამდენიმე წლის წინ გამართული მატჩისგან განსხვავებით, ჩვენ ახლა უფრო გამოცდილი და ძლიერი გუნდი ვართ, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებზეც, ვფიქრობ, ხვალ სრულიად განსხვავებულ მატჩს ვიხილავთ", - ამბობს ბერძენთა კაპიტანი ბაკასეტასი.


ხვალინდელ შეხვედრაზე, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, „დინამო არენაზე" სტუმართა სექტორში დაახლოებით 1500 ადგილია გამოყოფილი.