შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
25.03.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ხუვენტუდი-ბარსას თამაში ისე დასრულდა, ქართველი ცენტრის შედეგი ვერავინ გადაფარა და შერმადინმა MVP-ის ტიტული ზედიზედ მეორედ,  კარიერაში კი 21-ედ მოიპოვა, რითაც კიდევ უფრო გააუმჯობესა წინა ტურში დამყარებული რეკორდი. შეგახსენებთ, რომ ლიგა ენდესაში ისტორიის მანძილზე ტურის MVP-ად 19-19-ჯერ არიან დასახელებული არვიდას საბონისი და ლუ რო. მათი შედეგი ქართველმა ცენტრმა წინა ტურში გააუმჯობესა. 

ბოლო ტურში კი, „გრან კანარიასთან" 93-92 მოგებულ მატჩში შერმადინმა 27 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 5 დაფარება მიითვალა. ქართველ ცენტრს თამაშიდან ერთი ბურთიც არ აუცილებია - 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. გიორგიმ 8 საჯარიმოდან 7 გამოიყენა და ამ დრამატულ მატჩში აბსოლუტური სტატისტიკური ლიდერი გახდა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 38 შეადგინა.


მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი მეორე პერიოდში მოხდა, როცა 42-36 ანგარიშზე თამაში მცირე ხნით შეწყდა. გუნდის 42-ე ქულა ქართველი ცენტრის ანგარიშზე ჩაიწერა შედეგიანი გადაცემა  „ტენერიფეს" ბრაზილიელმა უკანახაზელმა მარსელინიო ჰუერტასმა შეასრულა. ეს პასი ესპანური ლიგისთვის სარეკორდო - 2898-ე გამოდგა. მარსელიონიომ პაბლო ლასოს ესპანეთის ლიგის პასების რეკორდი - 2897 გადაფარა და ისტორიაში შევიდა.


ვიდეო-კადრები მატჩიდან