გულშემატკივარი - დადებითი ფაქტორი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის
გულშემატკივარი - დადებითი ფაქტორი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის
25.03.2024
ავტორი: მარიამ მესხი / ფოტო თამარ ჯიშკარიანი

26 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფელი ოფის ფინალურ შეხვედრაში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" საბერძნეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში გერმანიაში, გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, სადაც წყვილში გამარჯვებულის უკვე ელიან თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებები.


„მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ თამაშს. ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მთელი ქვეყნისთვის. ყველა ძალიან მოტივირებულები ვართ და ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის.ვამაყობ ამ ნაკრებში თამაშით. იმ გუნდით, რომელსაც ამხელა სიხარულის მინიჭება შეუძლია მთელი ქვეყნისთვის. ამ გუნდს, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ვფიქრობ, არაერთ შეხვედრაში დავამტკიცეთ. ძალიან დადებითად მოქმედებს ის ფაქტიც, რომ ამდენ გულშემატკივარს სურს სტადიონზე მოსვლა. ეს ჩვენზე ძალიან დადებითად მოქმედებს", - ამბობს ოთარ კაკაბაძე, რომელიც დღეს ვილი სანიოლის მედიასთან შეხვედრაზე ახლდა.



საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალინდელი მატჩისთვის მზადებას საგურამოს ბაზაზე აგრძელებს, სადაც ერთი დღით ადრე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ პრესკონფერენცია გამართეს და მედიის კითხვებს უპასუხეს. შემდეგ კი, მედიას, პროტოკოლით გათვალისწინებული 15 წუთიც „გაუღეს" ვარჯიშზე.


„მთავარია, აღდგენა მოასწრო, ყველანაირი ინფორმაცია გქონდეს მოწინააღმდეგის შესახებ და მნიშვნელობა არ აქვს თამაში 5 დღეში იქნებოდა თუ 1 თვეში. ძალიან ემოციური დღეები გამოვიდა, ჩვენ შეგვიძლია, ეს, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად გამოყენება. თუმცა, ეს ყველაფერი, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ყველა დადებითად ვიღებთ. ლუქსემბურგთან, ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო. სხვა ვერაფერს ვთხოვ, ქართველ გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, იმავეს და იმაზე მეტს გააკეთებენ ფინალურ შეხვედრაში, როგორც ლუქსემბურგთან", - ამბობს ოთარ კაკაბაძე.




აქვე შეგახსენებთ, რომ შეხვედრამდე, რომელიც „დინამო არენაზე" ხვალ, 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება, ეროვნული ნაკრების ქომაგები, თბილისში, აღმაშენებლის 127 ნომერთან, 18:00 საათზე შეიკრიბებიან და „დინამო არენის" მიმართულებით, საბერძნეთის წინააღმდეგ, ისტორიულ მატჩისწინა მსვლელობს მოაწყობენ. ქომაგების თხოვნაა, ყველა, ჩაიცვას თეთრი ან წითელი.


მათ კი, ვინც ვერ მოახერხა ბილეთის შეძენა,  19:00 საათიდან, რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ფანზონა დაიწყებს მუშაობას, სადაც გულშემატკივარს, მატჩის დიდ ეკრანზე ხილვის საშუალება მიეცემა. მოეწყობა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, იმუშავებს კვების ობიექტები და ნაკრების ოფიციალური ფან-შოპი.