დროა ხვალ დავამტკიცოთ - ვილი სანიოლი არაფერს გამორიცხავს, თუმცა საკუთარი გუნდის სჯერა
დროა ხვალ დავამტკიცოთ - ვილი სანიოლი არაფერს გამორიცხავს, თუმცა საკუთარი გუნდის სჯერა
25.03.2024
ავტორი: მარიამ მესხი / ფოტო თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ, 26 მარტს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ფინალში „დინამო არენაზე" საბერძნეთს უმასპინძლებს და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვებას შეეცდება.

საბერძნეთთან დაპირისპირებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საგურამოში, ტრადიციული მატჩის წინა დღის პრესკონფერენციაზე ქართული მედიის კითხვებს უპასუხა.




აღდგენა-მომზადება

ჩვენ მოსამზადებლად 4-5 დღე გვქონდა. შედარებით მეტი დრო გვქონდა ძალების აღსადგენად. 26-ვე ფეხბურთელი მწყობრშია, ყველა მონდომებულია. ისევე როგორც ლუქსემბურგთან, ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.


საჭიროა თუ არა გამარჯვებულის მენტალიტეტი

რა თქმა უნდა, როდესაც ხვდები საბერძნეთს, ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. საბერძნეთს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ეს, ფინალია. შენ გინდა, რომ მოიგო და ცხადია, შენს მეტოქესაც იგივე სურს. გამარჯვებულის მენტალიტეტი არა იმაზეა დამოკიდებული, ვის ეთამაშები, რას თამაშობ, არამედ ეს უნდა ყალიბდებოდეს. იცით, მინდა ავხსნა ხოლმე რომ ზოგი ფეხბურთელი, განსაკუთრებით ახალგაზრდები ოცნებობენ მოგებაზე. ყველას შეუძლია ოცნება, მათ შორის ჩემს შვილებსაც, მშობლებსაც... მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, მათ შორის მათ, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან, რადგან ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან მოუმატეს საკუთარი ასპარეზობის ხედვის და მისი შეფასების თვალსაზრისით. ამიტომ გამარჯვებულის მენტალიტეტი ყოველდღიურად უნდა გამოიმუშაო, ამ ბოლოს ჩემს ფეხბურთელებს კარგი დინამიკა აქვს და არიან უფრო მეტად მზად ვიდრე სხვა დროს.




სხვაობა 21 და 26 მარტის თამაშებს შორის

ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს. ლუქსემბურგთან მატჩში 60 წუთის შემდეგ 2-0-ს ვიგებდით, კაცნაკლულ მეტოქეს ვეთამაშებოდით. მაშინ გასვლისთვის მეტი შანსი გვქონდა და მივმართე ცვლილებებს და ეს, ბუნებრივიცაა, იწვევს დისბალანსს. მე დარწმუნებული ვარ ჩემს მოთამაშეებში, თუ მოგვიწევს 120 წუთი თამაში, ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ მატჩის ყველა ასპექტზე ვმუშაობთ, მათ შორის, პენალტებზეც. ყველა ფეხბურთელს სურს თამაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არცერთი იწუწუნებს, ვინც სათადარიგო სკამზე მოხვდება. და ყველა თავის წვლილს შეიტანს მატჩის მოსაგებად და როგორც აღვნიშნე, მთავარია გუნდური მოგება.


როგორია გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა

ლუქსემბურგის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი. ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა, და ბუნებრივია, გვინდა ვიამაყოთ ჩვენი კარგი თამაშით. ამ ყველაფრის უკან დიდი შრომაა ჩადებული, ფეხბურთელების, სტაფის, ფედერაციის. მე ფსიქოლოგის დიპლომი არ მაქვს. თუმცა, თუ ვიგრძნობდი, რომ ჩემი ფეხბურთელები ამ ბოლო დღეებში დასტრესილები არიან, მივმართავდი ჩემს უფროსს, რათა ფსიქოლოგის დახმარება გამოგვეყენებინა. შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთელების მდგომარეობა შესანიშნავია. ამ გუნდს გარე დახმარება არ სჭირდება.




რა სხვაობაა 2 წლის წინანდელ და დღევანდელ საქართველოს ნაკრებს შორის

როდესაც პოზიტიურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, რთულია, ამაზე ერთი თამაშით ისაუბრო. ამ მაჩვენებელს უფრო ფართო სპექტრით უნდა შევხედოთ. 2020 წელს საქართველოს ნაკრები D ლიგაში იყო, 2024 წელს B ლიგაში იმყოფება, ისევე, როგორც ინგლისი, მაგრამ იმას არ ვამტკიცებთ, რომ ინგლისის მსგავსად ძლიერები ვართ. თუმცა განვითარება ძალიან პოზიტიურია. ვლადიმერ ვაისმა ბევრი რამ გააკეთა ამისთვის, ისევე როგორც, ნაკრების სტაფმა და ფეხბურთს ფედერაციამ. ხვალინდელ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ის, რასაც ფეხბურთელები ბოლო წლების განმავლობაში აკეთებენ, ძალიან კარგია. ფეხბურთში არსებობს მტკიცების ვალიდაციის, დადასტურების დღეები და ხვალ სწორედ ასეთი დღე გვექნება.




„სწორედ, ასეთ დღემდე" კი ვილი სანიოლის გუნდმა დღეს, საგურამოში მატჩის წინ ბოლოჯერ ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ ხვალ, „დინამო არენაზე" საქართველოსა და საბერძნეთის მატჩების შეხვედრაა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდვის დაწყებიდან არასრულ 6 საათში სრულად გაიყიდა.