„კვარტალი“ ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებელია
„კვარტალი“ ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებელია
24.03.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

23 და 24 მარტს საქართველოს ქალთა ლიგის მე-4 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

გვიმბალაურიში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრის მოედანზე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა" „ბათუმს" უმასპინძლა და მშრალი ანგარიშით 5-0 მოუგო. ის, რომ ამ შეხვედრაში მეტოქეს, ლანჩხუთელები უკარნახებდნენ თამაშის მიმდინარეობას, პირველ წუთებშივე გამოჩნდა, როდესაც, მე-5 წუთზე ნინო ჩახარტიშვილმა, გურულთა გუნდი დააწინაურა. გოლის შემდეგ, ამ ტაიმშივე, „ლანჩხუთმა" კიდევ ოთხი შესაძლებლობიდან სამი გამოიყენა. დუბლი გაიფორმა ანა მილჩევსკამ (22', 41'), მორიგი გოლი გაიტანა ქართულ ჩემპიონატში, ლანჩხუთელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ჰანა რასელმა (25'), ირინა ხაბურზანიამ კი, 11-მეტრიანი გააცუდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, ქალთა ლიგის ერთ-ერთმა გოლეადორმა ეთერ სულაშვილმა აიღო მეხუთეთ მეტოქის კარი. ბათუმელებს ჰქონდათ პრესტიჟის გოლის გატანის შანსი,  კონტრშეტევის, შემდეგ, თუმცა, აქ თავი „ლანჩხუთის" მეკარემ ეკა თაბაგარმა გამოიჩინა.


უფრო დაძაბული, ორმხრივი მომენტებით დატვირთული ბრძოლა გაჩაღდა თბილისში, „ნიუ ვუჟენის" სტადიონზე, თბილისის „ნიკე-ლუსოსა" და „კვარტალის" შეხვედრაში, სადაც, სტუმართა გუნდმა უფრო, დაცვითი თამაში არჩია და საბოლოოდ, როგორც გაირკვა ამან გაამართლა. „კვარტალმა", რომელმაც წინა ტურში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ მოახერხა აღდგენა და ეს მთელს თამაშს ლეიტმოტივად გაჰყვა, თუმცა, კვარტალელთა მიერ, მე-20 წუთზე, სალომე გასვიანი მიერ გატანილმა გოლმა, სტუმართა გუნდს, დაცვითი თამაშის არჩევანი გაუმყარა. „კვარტალი", საბოლოოდ „ჩაჯდა" დაცვაში და იშვიათად უტევდა. „კვარტალმა", მინიმალური ანგარიშით 0-1 მოიგო და ჯერ-ჯერობით, ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელიც დაუმარცხებლად და ქულების მაქსიმუმით ასპარეზობს.

ამ ტურის ორი შეხვედრა, „ელიტა" - „ნორჩი დინამო", „მართვე" - „კოლხეთი ხობი" 12 ივნისისთვის არის გადატანილი. მიზეზი, ასაკობრივ ნაკრებში ამ გუნდებიდან გამოძახებული ფეხბურთელების რაოდენობაა.
ქალთა ლიგის მე-5 ტური კი, 13 აპრილისთვის არის დაგეგმილი. მანამდე, ქალთა ლიგაზე სანაკრებო შესვენება გამოცხადდა.