ვილის 26 მარტის მატჩისთვის მოუწევს სასტარტოში ცვლილებების გაკეთება
ვილის 26 მარტის მატჩისთვის მოუწევს სასტარტოში ცვლილებების გაკეთება
21.03.2024
ავტორი: მარიამ მესხი / ფოტო თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დღეს, „დინამო არენაზე" ლუქსემბურგის ნაკრების დამარცხების შემდეგ, არ მალავდა, რომ თამაშის რამდენიმე მონაკვეთით, უფრო ზუსტად ბოლო ნახევარი საათით უკმაყოფილო იყო. „ვფიქრობ, რომ მიუხედავად სირთულეებისა და ემოციისა, პირველ ტაიმში ვდომინირებდით და თამაშს ვაკონტროლებდით. რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით. პირველი ერთი საათი კარგად ვითამაშეთ", - ამბობს სანიოლო.


რა არ მოეწონა ვილის

მსაჯის გადაწყვეტილებამ თამაშის მსვლელობა შეცვალა, თუმცა ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. ბოლო 20 წუთი არ იყო ის, რასაც ჩემი გუნდისგან ველოდი, თუმცა ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყო, პლეი-ოფის ნახევარფინალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალში გასვლა იყო, რაც გავაკეთეთ კიდეც და ბედნიერები ვართ.


რას და ვის შეცვლის და შეცვლის თუ არ რაიმეს ვილი?

მართალია, ზოგჯერ ამბობენ, რომ მოგებული შემადგენლობა არ იცვლება, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია გვიბრუნდება. შესაბამისად, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და არჩევანი გავაკეთოთ. სწორედ ეს არის მწვრთნელის საქმე. ხვიჩა ფინალში აუცილებლად დაგვეხმარება.




ფინალისთვის მნიშვნელოვანია, როგორ აღიდგენენ ძალებს ფეხბურთელები. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას მომდევნო მატჩისთვის. ბუდუმ დუბლი შეასრულა, რამაც თავდაჯერება შემატა. მიქაუტაძემ ბევრი იშრომა და შეაწუხა ლუქსემბურგის დაცვა. ორივემ დაიმსახურა სამშაბათს თამაში, თუმცა, როგორც ვთქვი, არჩევანი უნდა გაკეთდეს. თუ რომელიმე მოთამაშე მატჩს სათადარიგოთა სკამზე იწყებს, მსურს, რომ მოედანზე გასვლისას 100 პროცენტით დაიხარჯოს, რადგან ჩვენ ერთად ვაგებთ და ერთად ვიგებთ.


ვილი საბა საზონოვის შესახებ

ყოველთვის რთულია ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება. საბა საზონოვი იტალიაში პირველ სეზონს ატარებს, მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს და ასეთი დონის თამაშებში მოედანზე გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მიჩვეულები არიან 90 წუთის თამაშს. ამის შესახებ ვისაუბრეთ და იმ შემთხვევაში, თუ კლუბში მეტს ითამაშებს, ნაკრებში სათამაშო დრო გაეზრდება".


რა იქნება ფინალში?

მნიშვნელობა არ აქვს, ფინალში ვის ვისურვებ. ვინც არ უნდა მოიგოს მატჩი, ვიცი, რომ ის გუნდი ფინალის საგზურს დაიმსახურებს. ფინალში სულ სხვა სურათი იქნება. შევხვდებით ჩვენ საბერძნეთსა, თუ ყაზახეთს, აუცილებელია, რომ ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ. ნებისმიერი გუნდი, რომელსაც ფინალში დავუპირისპირდებით, მოტივირებული გამოვა.




აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ფლეი ოფის ფინალში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც დღეს ლუქსემბურგი 2-0 დაამარცხა, საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ამ წუთებში მიმდინარეობს და ბერძნებს, უკვე ანგარიში 1-0 მიჰყავთ.