17-წლამდე გოგონათა მეორე მარცხი ფარერებზე
17-წლამდე გოგონათა მეორე მარცხი ფარერებზე
20.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ფარერებზე მეორე შეხვედრაც წააგო. სალომე ხუბულური გუნდმა, რომელმაც ჩვენი აზრით, ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა, პირველი საკმაოდ სუსტი, მეორე მეტ-ნაკლებად დაბალანსებული, სწორედ, ამ დაბალანსებულ მონაკვეთში ორი შეცდომა დაუშვა, რომელიც ტურნირის მასპინძელმა გუნდმა, მშვენივრად გამოიყენა და ორი გოლი გაგვიტანა, ორივე ჯერზე, ქართველთა კარი  ბრა ზაქარიასარდოტირიმ (67', 86') აიღო.

„ძალიან კარგი გუნდი იყო ფარერები. თბილისიდან წამოსვლამდე ვთქვი კიდეც ინტერვიუში, რომ ძალიან ძლიერ ჯგუფში მოგვიწია თამაში. აღნიშნულ ტურნირისთვის აქცენტი 2008-2009 წლებში დაბადებულ ბავშვებზე გავაკეთე. მინდოდა, ბავშვები შემოდგომისთვისაც შემემზადებინა, როდესაც ახალი შესარჩევი ტურნირის დაწყება გვიწევს. ფარერებზე მიმდინარე ტურნირი, 2007 წელში დაბადებულებისთვის, აღნიშნულ ასაკობრივ, 17-წლამდეთა კატეგორიაში ბოლოა და ისინიც შესაბამისად 19-წლადებში ინაცვლებენ. გამომდინარე აქედან, ამჯერადაც, ფარერებზე მიმდინარე თამაშებში, აქცენტები „პატარებზე" გავაკეთეთ. ძირითად შემადგენლობაში, სამი 2009 წელს დაბადებული გოგო თამაშობდა და რა თქმა უნდა, ორი წლით უფროსებთან თამაში, მათთვის მარტივი არ იყო", - ამბობს სალომე ხუბულური.


საქართველოს 17-წლამდე გოგონათა მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ გუნდი, რომელმაც უკვე ორი მატჩი გამართა ფარერის კუნძულებზე, შემოდგომის თამაშებს ბევრად გამოცდილი  და მომზადებული შეხვდება. ამ ფაქტორების გათვალისწინებთ და ტრავმების გამო გამოკლებული ორი ფეხბურთელი, ქართველთა გუნდის თამაშზე პირდაპირპროპორციულად აისახა.


17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მეორე მატჩში, კუნძულელებს 34-ე წუთზე შეეძლოთ ანგარიშს გახსნა, თუმცა, ელიზაბეტ რიჟამაძემ, მომენტის განეიტრალება მოახერხა. 45-ე წუთზე კარგი შანსი გავუშვით ხელიდან ჩვენც. გოლის გატანა ანანო წიქარიძეს შეეძლო.


ფიზიკურად უფრო ძლიერმა და ასაკით ცოტათი უფროსმა მოწინააღმდეგემ, ქართული გუნდის ტექნიკურ თამაშს, ძალა დაუპირისპირა. ორივე გოლი მინდვრის ცენტრიდან გრძელი გადაცემის შემდეგ დაწყებული კომბინაციის შემდეგ გავიდა, რა დროსაც ჩვენი გუნდის მცველებმა მოწინააღმდეგის გაკონტროლება ვერ მოახერხეს. ამასთან, ჩვენი აზრით, ქართველთა მეკარემ, რომელსაც რამდენი „სეივიც" ჰქონდა ამ შეხვედრაში უბრალოდ, დაკარგა პოზიცია.


ისევე, როგორც წინა შეხვედრაში, ჩვენი გოგონები უფრო ინდივიდუალურად ცდილობდნენ თავის გამოჩენას, განსხვავებით ფარერის კუნძულელებისაგან, რომლებმაც დღეს გუნდურად მოგვიგეს.


მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 23 მარტს, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.


დღესვე, რუმინეთმა ლატვიის ნაკრები 2-0 დაამარცხა და ქულების მაქსიმუმით ჯგუფის ლიდერია.