საქართველოს ნაკრები უფრო გონიერია - ვილის ბიჭების იმედი აქვს
საქართველოს ნაკრები უფრო გონიერია - ვილის ბიჭების იმედი აქვს
20.03.2024
ავტორი: მარიამ მესხი / ფოტო თამარ ჯიშკარიანი

დღეს საგურამოში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 21 მარტის წინ ბოლოჯერ ივარჯიშა. მანამდე კი, ქართული მედიის წარმომადგენლებს ახალ საწვრთნელ ლოკაციაზე „უმასპინძლა". ტრადიციულ მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე დღეს ქართულმა მედიამაც სოლიდური რაოდენობით მოიყარა თავი, თუმცა, თამაშის შინაარსიდან გამომდინარე ეს მოსალოდნელიც იყო.



ვილი სანიოლი:


განწყობა გუნდში

რა თქმა უნდა, სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია. მოთამაშეებს ვთხოვე, რომ ფოკუსირდნენ მათ დავალებებზე, იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ მოედანზე. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ხარისხიანად, შემართებით. ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ერთი თამაშია. თუ ყველაფერს ჭკვიანურად გავაკეთებთ, გავზრდით წარმატების შანსს. მოტივაცია, რა თქმა უნდა, არ გვაკლია.


ფეხბურთელები საქართველოში ორშაბათს ჩამოვიდნენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოკლე დროა მატჩამდე, მაგრამ ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ. იმის მიუხედავად, რომ ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, რუტინაში მაინც არაფერი უნდა შეცვალო. ყველაფერს ისევ ისე ვაკეთებთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით. თითოეულმა მოთამაშემ იცის მისი რუტინა, თუ როგორ უნდა მოემზადონ მატჩისთვის.


მზადყოფნა

რა თქმა უნდა, ბევრი ვიდეო ვნახეთ ლუქსემბურგის თამაშის, რაც ბოლო 12 თვის განმავლობაში ითამაშეს. ყველაზე დიდი შეცდომა იქნება მათი არ დაფასება იმიტომ, რომ ლუქსემბურგი კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, მთავარია, საუკეთესოდ დავიხარჯოთ და ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობები ვაჩვენოთ. ბევრი საუბარი მოთამაშეებთან არ გვჭირდება. გვინდა, რომ ფეხბურთელები თავიანთი მიდგომით მოემზადონ ამ თამაშისთვის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხვალინდელ თამაშში მოედანზე კვარაცხელია არ იქნება.


ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით და მოთამაშეებით. ასეთი თამაშების წინ ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ ტრავმები არ იქნება. გვყავს მიქაუტაძე და ბუდუ ზივზივაძე, რომლებიც უფრო მეტს თამაშობენ მათ კლუბებში, ასევე ქოჩორაშვილი, რომელიც ტრავმიდან დაბრუნდა. საერთო ჯამში, მოხარული ვარ ჩვენი გუნდის მდგომარეობით.


მეც ფეხბურთელების მსგავსად ძალიან მონდომებული ვარ. ჩვენ ასეთი თამაშებისთვის ვემზადებით. მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირებული ვიყოთ ერთ მთავარ მიზანზე, ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჯერ იფიქრონ გონებით და შემდეგ გულით და არა პირიქით.



ოთარ  კიტეიშვილი:


როცა განწყობაზე ვსაუბრობთ, ერთმანეთის ნახვა პირველ რიგში ყველას ძალიან გვიხარია. ყველა განსაკუთრებით ველოდებოდით ამ თამაშს. ეს ჩვენი კარიერის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. შემართების პრობლემა ნაკრებში არასდროს ყოფილა და ამ თამაშზე გაორმაგებულია.


ბოლო პერიოდში ლუქსემემბურგი თავს კარგად წარმოაჩენს. ჩვენ საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურად საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა წარმოვაჩინოთ.


ჯაბა ჩვენთვის, ამ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითია, მისი ხასიათით და სათამაშო ჟინით. ჯაბას ჩვენთან ყოფნა არის განსაკუთრებული ძალა და დარწმუნებული ვარ, ამას ყველა გრძნობს.


ვიცით, რომ ამ თამაშს მთელი ქვეყანა განსაკუთრებით ელოდებოდით და ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც გვგულშემატკივრობს. მადლობა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებსაც, ძალიან ერთიანად გამოიყურება ქვეყანა და ყველას გვსურს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ.


ყველანი ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. ფეხბურთელს სულ თან ახლავს მსგავსი წნეხი და გაანალიზებული გვაქვს ეს ყველაფერი. როცა თამაში ახლოვდება, წნეხი იზრდება, მაგრამ ჩვენ ინდივიდუალურად თუ გუნდურად ფსიქოლოგიურად მზად ვართ და რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი, რომ ეს წნეხი დავძლიოთ და ეს პასუხისმგებლობა და შემართება მოედანზე გადმოვიტანოთ.