ალბანელებმა „დაძაბეს“
ალბანელებმა „დაძაბეს“
15.08.2018
ავტორი:

ხვალ, ალბანეთში, უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება. ქუთაისის „ტორპედო", რომელმაც თბილისში, „მიხეილ მესხზე" ანგარიშით 5-2 დაამარცხა ალბანური „კუკეში", უმძიმეს გარემოში შეეცდება მიღწეული შედეგის შენარჩუნებას.

ალბანური კლუბის საქართველოში ვიზიტისას, შეთითხნილი და თითიდან გამოწოვილი სავიზო პრობლემების საპასუხოდ, „კუკეშის" კლუბმა საერთოდ დააიგნორა ქუთაისის „ტორპედოს" მოთხოვნა, არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერისთვის ალბანეთში შესასვლელი ვიზების შესახებ  პასუხთან დაკავშირებით. შედეგად, „ტორპედო", ტირანაში ამ ფეხბურთელების გარეშე 13 აგვისტოს გაემგზავრა.

დღეს, „ტორპედო" ტირანაში ბოლო, მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. ქუთაისური კლუბის ინფორმაციით, „კუკეშისა" და „ტორპედოს" მატჩი ალბანეთში უეფას უსაფრთხოების ოფიცრის თანდასწრებით ჩაივლის. „იგი აუცილებლად გააკონტროლებს მასპინძელი კლუბის მხრიდან უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საკითხებს ძალიან მკაცრად, ისევე, როგორც უეფას დელეგატი გააკონტროლებს ალბანელების მასპინძლობის თემებს, რისთვისაც უეფას დიდ მადლობას ვუხდით. ამასობაში მატჩისწინა დღე... გუნდი აგრძელებს თავდაუზოგავ შრომას გულშემატკივრის გასახარად...", - ნათქვამია „ტორპედოს" ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელებში.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, „ტორპედო" ალბანეთში, არამეგობრულ გარემოში „კუკეშთან" საპასუხო მატჩს გამართავს.