ეროვნულმა ლიგამ შედეგები შეაჯამა და სწორება, 2024 წლის სეზონზე აიღო
ეროვნულმა ლიგამ შედეგები შეაჯამა და სწორება, 2024 წლის სეზონზე აიღო
04.12.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, „შერატონ მეტეხი პალასში", სხვა წლებთან შედარებით, შემაჯამებელი, თუმცა, ნაადრევი ღონისძიება ჩატარდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დეკემბრის დასაწყისში და არა ტრადიციულად წლის ბოლოს (27-30 დეკემბერს ჯამდება ხოლმე სეზონი ტრადიციულად), საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. დღევანდელი ფორმატი, განსხვავებული იყო თუნდაც იმიტომ, რომ ამ დღეს, მხოლოდ ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოავლინეს. სავარაუდოდ, ქალთა შორის საუკეთესოებს, საუკეთესო მსაჯებს,  წლის ფეხბურთელებს, მათ შორის ფუტსალშიც, ქვედა ლიგების რჩეულებს და სფეროში ღვაწლმოსილებს, ოდნავ მოგვიანებით გამოავლენენ. მანამდე კი, დღეს, ეროვნული ლიგის 2023 წელი შეაჯამეს.

„დაძაბული ჩემპიონატი. ყველაზე უხვგოლიანი, რაც ფეხბურთისთვის და გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია. ვისარგებლებ შემთხვევით და თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს, გუნდის წევრებს მადლობას გადავუხდი და წარმატებას ვუსურვებ მომდევნო 2024 ჩემპიონატში.


სიახლე იყო, განსაკუთრებული, რომ დავიწყეთ ვარის დანერგვა და პირველი წელია, როცა სრულად მოვიცავით მთელი ჩემპიონატი, რაც ძალიან დაეხმარა მსაჯებს, გულშემატკივარს, ვინც ჩართული ყო და ვეცდებით მომავალშიც სიახლეები შემოვიტანოთ. თუმცა, საბოლოოდ შედეგი მოედანზე ფეხბურთელების გადასაწყვეტია. ხარისხი რაც ჩვენს ლიგას სჭირდება, რომ უფრო და უფრო ძლიერი იყოს" - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.




ეროვნული ლიგის საუკეთესოების გამოსავლენად, გამოიკითახა ელიგაში მონაწილე 10 კლუბის მწვრთნელი, 11-11 ფეხბურთელი, სპორტული მედია და პირველად, გულშემატკივარი (რომელსაც საუკეთესოების გამოსავლენად, ხმების მიცემა სპეციალურ საიტზე შეეძლოთ).  დღესვე, დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულთა გამოსავლენად ზემოთ აღნიშნული ჯგუფებისთვის მინიჭებული კვოტაც გამოაცხადეს, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს 50%, სპორტულ მედიას 30% და გულშემატკივარს 20% ერგო საუკეთესოების გამოსავლენად.


პირადად ჩვენს გვერდს, რომელიც ეროვნული ლიგის თამაშებს (ისევე, როგორც სფფ-ს მიერ ჩატარებულ ყველა ტურნირს) ესწრება და აშუქებს, მართლა გაუხარდება, თუ ქართული სპორტული მედიის 30%-ი მაინც ესწრება ცოცხლად და შესაბამისად, არა სატელევიზიო რეპორტაჟებში ნანახიდან აშუქებს აღნიშნულ ტურნირებს. თუმცა, აქ, ფიცი მწამს და საკუთარი თვალით ნანახიდან გამომდინარე, ბოლო გვაკვირვებს. ასეა თუ ისე, ეროვნულმა ლიგამ 2023 წლის საუკეთესოები გამოავლინა და ნომინაციების მიხედვით, პრიზები გადაეცათ:


საუკეთესო მეკარე - გიორგი ლორია "დინამო თბილისი"

საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე  "დინამო" ბათუმი

საუკეთესო ნახევარმცველი - გიორგი არაბიძე, "ტორპედო" ქუთაისი

საუკეთესო თავდამსხმელი - ჯოვინო ფლამარიონი "დინამო" ბათუმი

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - 17-17 გოლით, ზორანა მარუშიჩი ("დინამო თბილისი"), გურამ მუსელიანი ("შუქურა")  და ჯოვინო ფლამარიონი ("დინამო" ბათუმი)

საუკეთესო მწვრთნელი - ანდრეი დემჩენო, "დინამო" ბათუმი

წლის სიმბოლური ნაკრები: ლორია, მამუჩაშვილი, კობახიძე, კალანდაძე , შერგელაშვილი, არაბიძე, ზარია, გიგაური, ფლამარიონი, ღუდუშაური, სხირტლაძე

საუკეთესო გოლი - ცოტნე ფაცაცია, "დინამო" ბათუმი

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯოვინო ფლამარიონი,  "დინამო" ბათუმი"