ჩემპიონმა თასი ჩაიბარა, ბომბარდირი კი თეონა თოდაძე გახდა
ჩემპიონმა თასი ჩაიბარა, ბომბარდირი კი თეონა თოდაძე გახდა
24.11.2023
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს ქალთა გათამაშება მესამედ საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა" მოიგო. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ, 2024-2025 წლების სეზონში, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე, საქართველოს სახელის დაცვას, გიორგი ჩხაიძის კლუბი, კიდევ ერთხელ შეეცდება. ლანჩხუთელებმა, „სამეგრელოსთან" ერთად, მთელი სეზონი სტაბილურად იასპარეზეს და ქვეყნის ჩემპიონიც სწორედ, ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში გაირკვა. „ლანჩხუთმა" მესამე ტიტული, გათამაშების დასრულებამდე, ერთი ტურით ადრე მოიგო, როდესაც თბილისში, „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე, „სამეგრელო" 0-3 დაამარცხა.


აქვე გეტყვით, რომ ბოლო ტურში, გვიმბალაურში ფრედ, 2-2 დასრულდა, უკვე 2023 წლის ჩემპიონის „ლანჩხუთისა" და „კვარტალის" შეხვედრა. მატჩის ბოლოს, ლანჩხუთელებს საჩემპიონო თასი საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ გადასცა.


ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში, „სამეგრელომ" 2-8 მოიგო, ახალსოფელში „ბათუმთან".


ბოლო ტურებამდე ქალთა ლიგის გათამაშების ბომბარდირთა დავას, თეონა ბაქრაძე ლიდერობდა 18 გატანილი გოლით, რომელმაც „ლანჩხუთში" დაიწყო სეზონი, თუმცა, მოგვიანებით თურქულ „თრაბზონსფორში" გადავიდა. აღნიშნულ დავაში, მომდევნო ადგილებზე „ლანჩხუთის" კიდევ ორი ფეხბურთელი იყო -  „სამეგრელოსთან" მატჩში თითო გოლი, 2022 წლის საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა და ბომბარდირმა ეთერ სულაშვილმა და ლელუ ჭიჭინაძემ გაიტანეს. თუმცა, ჩემპიონატის ბოლო ტურში ნადავლი ვერ გაამდიდრეს და საბოლოოდ, ჭიჭინაძეც და სულაშვილიც 16-16 გოლს დასჯერდნენ.


ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის საბოლოო ცხრილი


2023 წლის ქალთა ლიგის ბომბარდირი კი, 20 გატანილი გოლით, თეონა თოდაძე გახდა. აღნიშნული სეზონი ფეხბურთელმა, ხობის „კოლხეთში" გაატარა და ეს, მისთვის ფეხბედნიერი გამოდგა. თუმცა, „კოლხეთმა" რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ქვედა ჯგუფში, ქალთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლა და საბოლოოდ, აღნიშნული ჯგუფის მოგება მოახერხა. რაც შეეხება თოდაძეს, ფეხბურთელმა ბოლოს წინა ტურში, 8 გოლი გაიტანა და სწორედ, მაშინ გადაუსწრო გატანილი გოლების რაოდენობით ბაქრაძეს, ჭიჭინაძესა და სულაშვილს.


ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის საბოლოო ცხრილი


აქვე შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, ქალთა ლიგის დატოვება სოხუმის „დინამოს" მოუხდა. მათ ნაცვლად კი, 2024 წლის სეზონზე ქალთა ლიგაში „ელიტა" პირველად  იასპარეზებს.