ევრო 2024-ის საგზურისთვის საქართველოს ლუქსემბურგს უმასპინძლებს
ევრო 2024-ის საგზურისთვის საქართველოს ლუქსემბურგს უმასპინძლებს
23.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს ნიონში, ევრო 2024 წლის ბოლი საგზურების მოსაპოვებლად დანიშნული ფლეი-ოფების წილისყრა გაიმართა. კვარაცხელიას იმედად და მის გარეშე კიდევ ერთხელ დარჩენილმა ქართულმა საფეხბურთო სამყარომ ალბათ, კიდევ ერთი „საჩუქარი" მიიღო, როდესაც, წილისყრით ფლეი-ოფის 1/2 ფინალში ყველაზე „სუსტი" (თუმცა, სუსტი გუნდები აღარ არსებობენ) ნაკრები გვარგუნა მეტოქედ.


„10-15 წლის წინ, ლუქსემბურგი საფეხბურთო თვალსაზრისით დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა, ლუქსემბურგის ნაკრები გერმანიის და იტალიის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს", - ამბობს ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც ნიონში წილისყრას, ალექსანდე იაშვილთან ერთად ესწრებოდა.


წილისყრის შედეგად გამოვლინდა ერთა ლიგის C დივიზიონის საუკეთესო ოთხეულის ფინალური მატჩის ჩატარების ადგილიც. ნახევარფინალის მოგების შემთხვევაში, ფინალი 26 მარტს, საქართველოსა და ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული გუნდის სამშობლოში გაიმართება.


„საკუთარ მოედანზე თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგაზე სწორედ ამაზე ვიყავით კონცენტრირებულები, რათა მოგვეგო მაქსიმალურად ყველა თამაში და ეს უპირატესობა მოგვეპოვებინა ნახევარფინალში. ლუქსემბურგი ძლიერი გუნდია, კარგად ითამაშა შესარჩევი ციკლი. მნიშვნელოვანია ჩვენი გულშემატკივრის ენერგია და მჯერა ჩვენი გუნდის, ჩვენი ბიჭების. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ ნახევარფინალში და  მოვიპოვოთ ფინალში თამაშის უფლება, რომელიც ასევე სქართველოშია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივართან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავიხდინოთ ოცნება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ქვია", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.


ფლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩი, საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 21 მარტს, საქართველოში, დიდი ალბათობით „დინამო არებაზე" გაიმართება.


ფოტო: © UEFA