„ტატიშვილი" ახალი სახელით ჩემპიონთა ლიგისთვის იწყებს მზადებას
„ტატიშვილი" ახალი სახელით ჩემპიონთა ლიგისთვის იწყებს მზადებას
05.07.2018
ავტორი:

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფუტსალში „ტატიშვილი", ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრებს 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, კიშიონიოვში გამართავს.  ამის შესახებ ცნობილი, შვეიცარულ ნიონში, დღეს გამართულ უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ გახდა.

„სამგუნდიანი ჯგუფი შეგხვდა, ორივე თამაში  ძალიან  რთული იქნება. განსაკუთრებით კი, მოლდოვის ჩემპიონს  გამოვყოფდი, რადგან მასპინძელია  და  შესაბამისად  უპირატესობა ექნება. გუნდში  სიახლეებია, "ტატიშვილის"  რიგები თორნიკე  ბუკიამ და იუსტინას ზაგურსკასმა დატოვეს. ბუკიას ნაცვლად ახალგაზრდა  მეკარე  ალი ასლანი დავიმატეთ, რომელიც  მიმდინარე  ჩემპიონატში "აგორაში" ასპარეზობდა. რთული ჯგუფი შეგხვდა, ჩვენი გუნდი პირველად  ასპარეზობს  ფუტსალის  ჩემპიონთა ლიგაზე და ეს დიდი  გამოცდილება იქნება", - ამბობს ალე ძაბირაძე, „ტატიშვილის" მთავარი მწვრთნელი.

„მედიკოსები" ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ. წილისყრამ ისინი სამ გუნდიან I ჯგუფში მოახვედრა, სადაც მათი მეტოქეები მოლდოვის ჩემპიონი , ჩისინაუს „დინამო" და შვეიცარიის ჩემპიონი „ლაშო დეფო" იქნებიან. ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას, მხოლოდ ერთი გუნდი მოიპოვებს.

ქართული კლუბი ევროტურნირისთვის სამზადისს 16 ივლისს  თბილისში დაიწყებს. 22 ივლისს კი, ურეკში, 10-დღიან შეკრებაზე გაემგზავრება. იქვე, ფეხბურთელები 2 ამზანაგური შეხვედრის გამართვას ვარაუდობენ, სომხეთის ჩემპიონთან.

თუკი ალე ძაბირაძის შეგირდები აღნიშნულ ბარიერს წარმატებით დაძლევენ, ისინი მეექვსე ჯგუფში მოხვდებიან, სადაც მათ გარდა ელიტ რაუნდის საგზურისთვის ყაზახური „აქტობე", ხორვატიული „ნოვო ვრიემე" და საკვალიფიკაციო ეტაპზე B გუფის გამარჯვებული იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ ევროსარბიელზე საქართველოს სახელს, ფუტსალის ლიგის წლევანდელი გამარჯვებული მფკ „ტატიშვილი" წელს პირველად იასპარეზებს. ევროტურნირზე გუნდი ახალი სახელით  TMC TBILISI-ს გამოვა.