ფოტოფინიშმა კი დაგვანახა, რომ მე მომიგია - ზაზა ნადირაძე
ფოტოფინიშმა კი დაგვანახა, რომ მე მომიგია - ზაზა ნადირაძე
10.06.2018
ავტორი:

ქართველ ევროპის ჩემპიონთა რიცხვს, კანოისტი ზაზა ნადირაძეც შეუერთდა. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, კანოისტთა ევროპის ჩემპიონატის 200 მეტრზე სპრინტის ფინალში, ქართველმა სპორტსმენმა 0.0024 წმ აჯობა რუს ივან შტილს და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.


"ფაქტიურად მოველოდი კიდევაც ასეთ კონკურენციას. ძალიან დაძაბული გაცურვა იყო. სტარტი, სახარბიელოდ ვერ ავიღე და ამან უფრო დაძაბა ვითარება. განსაკუთრებით, ბოლო 40-30 მეტრი საერთოდ, ძალიან დავიღალე. თითქმის გავიჭედე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მარტო მე არ დავღლილვარ და საბოლოოდ, შევინარჩუნე პირველი ადგილი. ფაქტიურად, სტარტს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენი გაცურვა პირველი მოვდიოდი და ასეც დავამთავრე. ისეთი დაძაბული სვლა იყო, რომ დამთავრების შემდეგ, კარგა ხანი არ ვიცოდით ვინ გაიმარჯვა. ერთმანეთს ვაბრალებდით, არა შენ მოიგე, არა შენო. ფოტოფინიშმა კი დაგვანადა, რომ მე მომიგია", - ამბობს ზაზა ნადირაძე TSFF.ge-თან საუბარში.


შეგახსენებთ, რომ ასპარეზობის პირველ დღეს, ზაზა ნადირაძემ (C1) შესარჩევის მოგების შემდეგ, პირდაპირ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირზე სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონის ტუტულთან ერთად, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა. სერბეთის ევროპულ ჩემპიონატზე, „მინსკის 2019 წლის ევროპული თამაშების" ლიცენზიებიც გათამაშდა. ზაზა ნადირაძესთან ერთად, ამ თამაშების ლიცენზია ბადრი ყაველაშვილმაც მოიპოვა.