4 დებიუტანტი ვაისის შემადგენლობაში
4 დებიუტანტი ვაისის შემადგენლობაში
22.05.2018
ავტორი:

მორიგი ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ვაისმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში პირველად თამაშის შანსი ეძლევა, დონეცკის „ოლიმპიკის" მეკარეს ზაურ მახარაძეს. უკრაინული „ოლიმპიკის" 25 წლის ფეხბურთელი საქართველოს  ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილის შესახებ, ხშირად საუბრობდა. მისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი კი  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2018 წლის დასაწყისში დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის უშუალო ძალისხმევით, კი ზაურ მახარაძეს ქვეყნის მოქალაქეობა უმოკლეს ვადებში მიანიჭეს. ამიგად, უკრაინაში გაზრდილ ქართული წარმომავლობის ფეხბურთელს, რეალურად მიეცა ოცნების განხორციელების შესაძლებლობა.

მახარაძის გარდა, ეროვნულ  ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ  ბექა ვაჩიბერაძეს („რიგასი", ლატვია), გიორგი ბერიძეს („ტრენჩინი", სლოვაკეთი) და საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე, თბილისის დინამოს წევრს 18 წლის მცველს ლევან ხარაბაძეს.

ვლადიმირ ვაისის 26-კაციან სიაში მოხვდნენ - მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი); მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი  (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი); თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი).

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, მორიგი ამხანაგური მატჩებისთვის ინტენსიურად ემზადეება. მარტის თამაშების შემდეგ, რომლებშიც ქართველმა ფეხბურთელებმა წარმატებას მიაღწიეს, მორიგი ფანჯარა ივნისში დაიგეგმა. შესაბამისად, 1 ივნისს, ავსტრიის ქალაქ შვაცში საქართველოს ნაკრები მალტის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 5 ივნისს, კი ლუქსემბურგში ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებთან გამართავს შეხვედრას.

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ნაკრების შეკრება 26 მაისიდან დაიწყება. პირველი მატჩისთვის სამზადისს საქართველოს ნაკრები ავსტრიის ტიროლის მხარეში, დაბა ბად ჰერინგში გაივლის. მნიშვნელოვანი საკლუბო შეხვედრების გამო, კლუბსა და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის არსებული კომუნიკაციის საფუძველზე, ავსტრიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე. სავარაუდოდ,  ლუქსემბურგთან თამაშის შესაძლებლობა ექნება უნგრეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ბაჩანა არაბულს.  ასევე მალტასთან, ავსტრიაში ჩასატარებელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური. სამივე მოთამაშე ნაკრებს ლუქსემბურგში შეურთდება. თუმცა,  ამხანაგურ მატჩებს ტრავმების გამო აგრეთვე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 6 სექტემბერს ჩაატარებს. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი შეხვედრა იქნება. აღნიშნული შეხვედრა ასტანაში შედგება.