მოულოდნელად არაფერი ხდება
მოულოდნელად არაფერი ხდება
13.05.2018
ავტორი:

კიდევ 2 ტური და ეროვნულ ლიგაზე სანაკრებო შესვენება გამოცხადდება. 3 დღის მანძილზე კი ელიგის მორიგი, მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლებზეც თითქმის ლოგიკური შედეგები დაჯდა. თუ არ ჩავთვლით ტურის ბოლო შეხვედრას, სადაც თბილისურ დერბიში, გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფმა „ლოკომოტივმა" „დინამო არენაზე" , „დინამო თბილისი", პირველ ტაიმში გატანილი ერთად-ერთი გოლის წყალობით 0-1 დაამარცხა.

ბუნებრივია, „ლოკომოტივს" არანაირად ვუკარგავთ გარჯას. განსაკუთრებით, შეხვედრის პირველ ნახევარში, როდესაც მათ დინამოელებს თანაბარი ბრძოლა გაუმართეს, რამდენჯერმე სახიფათოდაც დაურტყეს. მაგალითად, თეიმურაზ შონიას დარტმული მატჩის საწყის წუთებზე, ხარიხასაც კი მოხვდა. თუმცა, რეალურად თამაშის ბედი დინამოელთა დაცვის ხაზის შეცდომას მიჰყვა, რომელიც კონკრეტულ მატჩში, არც თუ დამაჯერებლად მოქმედებდა. კონკრეტულად გოლის მომენტში კი, ოთარ კობახიძის გადაცემის შემდეგ, უბრალოდ, უმეთვალყურეოდ დატოვეს დავით ჯიქია, რომელსაც თავის მხრივ, მეკარესთან ერთი-ერთზე გასულს არ გასჭირვებია გოლის გატანა.



 

ვერ ვიტყვით, რომ შეხვედრის ამ ნახევარშიც და მომდევნოშიც, ბურთის ფლობისა და ტერიტორიული პროცენტული უპირატესობის მიუხედავად, „დინამო თბილისი" მეტოქის კართან რეალურ საგოლე მომენტებს ჰქმინდა. თუმცა, თუ მსგავს სიტუაციებში, მაგალითად გორში „დილასთან" და „რუსთავთან" ბოლო ტურებში დინამოელებს უმართლებლად კიდეც, ამ დღეს, არც იღბალი იყო „დინამოს" მხარეს.

ფაქტია, რომ ბოლო ტურებია, დინამოელთა შემადგენლობაში, რამდენიმე ფეხბურთელი უბრალოდ უფუნქციოდ იკვეთება თამაშის პროცესში. ასე, რომ გუნდის რამდენიმე ტრავმირებული წამყავნი მოთამაშის არყოფნაში, რთული კი არის ცვლილებების გაკეთება, თუმცა, მხოლოდ იღბალზე მინდობას, ალბათ, ცოტა გარისკვაც სჯობია, შემადგენლობის გადახალისების კუთხით. თუნდაც, მორიგ ურთულეს ორ გასვლაზე „სამტრედიასთან" და „ტორპედოსთან".



ფაქტია ისიც, რომ 13 მაისს, სწორედ „დინამო თბილისისთვის" განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თარიღის დღეს, „დინამო თბილისი" ორმაგად მძიმე სიტუაციაში ჩადგა. ერთი, რომ გუნდმა არა თუ გამარჯვება, არამედ ერთი ქულის აღებაც ვერ მოახერხა მნიშვნელოვან მატჩში (აქვე ვიტყვით, რომ „ლოკომოტივის" ეს 3 ქულა სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდში ვითარება დალაგდა, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მოგება, შესაძლოა აღიარებული თუ არაღიარებული კრიზისის დაძლევის საწყისი ეტაპი იყოს). მეორე, მართალია, „ეს ფეხბურთია" და წაგება-მოგება „მოსულა", მაგრამ აშკარად საჭიროა დინამოელთა ნაწილმა, უბრალოდ გაიაზროს, რომ დინამოელობა, მხოლოდ ეიფორია არაა. გუნდი, უკვე კარგა ხანია ევროტურნირებისთვის ემზადება და ბოლო ტურებში „ბეწვის ხიდზე" სიარული, „დინამო თბილისს" კარგს არაფერს მოუტანს.




ამ დღის კიდევ ერთი მომენტი. საქართველოს ვიცე-ჩემპიონს თამაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწია. თუმცა, „დინამო თბილისის" გულშემატკივრები, „ელიტა", „დინამო არენის" ტერიტორიაზე იყო და გარედან ამხნევებდნენ გუნდს, რომლისგანაც, სწორედ 13 მაისს, ელოდა 3 ქულას. თბილისური დერბის დასრულების შემდეგ კი, „ელიტამ" დინამოელებისგან კატეგორიულად მოითხოვა ცოტა მეტი ყურადღება და იმის გააზრება, თუ რომელ გუნდში თამაშობენ.

„ძალიან მნიშნელოვანი თამაში იყო. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, 13 მაისი იყო, დღე, როდესაც „დინამომ" თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ტიტული მოიგო. უბრალოდ, არ შეიძლებოდა ამ თამაშში მარცხი. ძალიან სამწუხაროა და ყველამ ვიცით, რომ უბრალოდ, უნდა მოგვეგო. დღევანდელ შეხვედრაში ბევრი რამე დავაკელით და მინუსები, ყველამ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ. „ლოკომოტივს" კი ვულოცავ გამარჯვებას", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი, დინამოელთა კაპიტანი.



ამ მარცხის შემდეგ სხვაობა „დინამო თბილისსა" და სატურნირო ცხრილში პირველ საფეხურზე მყოფ „საბურთალოს" შორის 2-დან 5 ქულამდე გაიზარდა. ეროვნული ლიგის გათამაშების ლიდერს არ გასჭირვებია სახლში, ფოთის „კოლხეთი 1913"-ის დამარცხება და თანაც დიდი ანგარიშით 5-0.



სატურნირო ცხრილში, „დინამოს", 20 ქულით ფეხდაფეხ მოსდევს გორის „დილა", რომელმაც ივანწმინდაში, საჩხერის „ჩიხურას" დამარცხება 0-3 შესძლო. აღსანიშნავია, რომ მეორე თამაშია საჩხერლებს ვერ ეხმარება დინო ჰამზიჩი, რომელმაც მე-10 ტურში, თამაშამდე გახურებისას კუნთი დაიჭიმა და როგორც ჩანს, ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე ეს ზედაპირულად ჩანდა. თუმცა, მშრალი ანგარიშით, საკუთარ კედლებში მარცხი, მხოლოდ ჩიხურელთა მეკარის ბრალი არაა და ამ დღეს, საჩხერლებს აშკარად სერიოზული პრობლემები ჰქონდათ დავის ხაზშიც.



„ჩიხურასთან" მე-9 ტურში, ბოლნისის „სიონის" კარში დანიშნული 11-მეტრიანის შემდეგ, ბოლნისელები კიდევ ერთ პენალტს, უკვე მე-11 ტურის მატჩიდანაც აპროტესტებენ. „სამტრედიასთან" შეხვედრის 29-ე წუთზე 11-მეტრიანი გოგა კიკაჩეიშვილმა ხელით თამაშის გამო დანიშნა. ბოლნისელთა მე-5 ნომერს, ლუკა ნოზაძეს ბურთი აშკარდ ხვდება ხელზე. თუმცა, ანალოგიურ ვითრებაში მსაჯების ნაწილი „ატარებს" მომენტს, ნაწილი კი კატეგორიულია. თუმცა, სწორედ, ამ გოლის წყალობით, „სამტრედიამ" გასვლაზე თბილისში 1-1 ითამაშა და აქივში ის, ერთი ქულა მიიმატა, რომლის წყალობითაც, 11 ტურის შემდეგ, თბილისის „ლოკომოტივთან" და ბოლნისის „სიონთან" ერთად, 8-8 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურებს ინაწილებს.




და ბოლოს, საქართველოს ჩემპიონს, ქუთაისში, „რამაზ შენგელიას სახელობის" სტადიონზე „რუსთავის" წინააღმდეგ 72 წუთი დასჭირდა, რომ თამაში ხელახლა დაეწყო. „ტორპედო" შეხვედრის მე-11 წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ, ანგარიშის გათანაბრებას ვერა და ვერ ახერხებდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის 27-ე წუთიდან მასპინძლები მეტობაში იყვნენ. ამ მეტად დაძაბულ და დრამატულ დაპირისპირებაში კი გადამწყვეტი გილი შეხვედრის 87-ე წუთზე ლევან კუტალიამ გაიტანა და „ტორპედომაც" მატჩის საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა. თუმცა, გოლის შემდეგ, შეხვერდა კიდევ 10 წუთს გაგრძელდა.




საქართველოს ეროვნული ლიგის მორიგი, მე-12 ტურის მატჩები 19 და 20 მაისს გაიმართება.

19 მაისი, შაბათი

17:00 „სამტრედია" - „დინამო თბილისი" / ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი"

20:30 „კოლხეთი 1913" - „სიონი" / ზესტაფონი, „დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი"

20 მაისი, კვირა

16:30 „ლოკომოტივი" - „ტორპედო"  / თბილისი, „მესხი 2"

19:00 „რუსთავი" - „ჩიხურა" / თბილისი, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი"



მასალაში გამოყენებუია საფეხბურთო კლუბების „ჩიხურას", „სამტრედიის", „საბურთალოსა" და „ტორპედოს" ფოტოები