კარგი თამაში და ისტორიული გამარჯვება, ცუდი მესამე პერიოდის შემდეგ
კარგი თამაში და ისტორიული გამარჯვება, ცუდი მესამე პერიოდის შემდეგ
04.07.2022
ავტორი: სოფო ერქვანია / თამარ ჯიშკარიანი

კალათბურთში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხევდრა საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ილიას ზუროსის გუნდმა, თბილისში, ახალ საკალათბურთო სასახლეში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 ოვერ-ტაიმში დაამარცხა. ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფში პირველი შეხვედრა წააგო, საქართველოს ნაკრების თამაშში კი, დღეს, ერთ-ერთი წამყვანი როლი, რატი ანდრონიკაშვილმა ითამაშა. ქართული კალათბურთის კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავის ანგარიშზე ამ დღეს, ქულა, აქედან 8 - ოვერტაიმში ჩააგდო.


„არა მგონია, რომ რაც გავაკეთე, გუნდის ლიდერობა იყო. უბრალოდ, საჭირო მომენტში ბურთი მქონდა და ჩაგდება მოვახერხე. ჩვენი ლიდერები ყველამ იცის, ვინც არიან და რა თქმა უნდა, მათი და თითოეული მოთამაშის გარეშე, ვინც თამაშობდა მოგებას ვერ შევძლებდით. ბექა ბექაურმა ისე ითამაშა, რომ თვითონ სავარაუდოდ ელოდა, ჩვენც გვინდოდა, მაგრამ ყველა გაგვაოცა. ასეთ გუნდთან მხოლოდ ასე თუ მოიგებ, თითოეული მოთამაშის 100%-ით დახარჯვით. რა თქმა უნდა, გულშემატკივარიც დაგვეხმარა. დიდი დარბაზია, მაგრამ ყველა ჩაგდებულ ბურთზე იგრძნობოდა ფანების ემოცია და ხმაური. ნამდვილად, კარგად დავიმახსოვრებ ამ პირველ თამაშს ახალ დარბაზში", - ამბობს რატი ანდრონიკაშვილი.




ესპანელები მატჩამდე და მისი დასრულების შემდეგაც, საქართველოს ნაკრების სამ კალათბურთელზე ლაპარაკობდნენ და მატჩის მანძილზე მათ „ჩაკეტვას" ცდილობდნენ. მიუხედავად ამისა, სარგებლიანობის ინდექსით, ტრადიციულად, საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.


„თამაშამდეც ვთქვი, რომ გულშემატკივრებს, ატმოსფეროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საოცარ გულშემატკივარს, რომ ეს ახალი დარბაზი გადაავსეს. მართლაც საოცრად ვითამაშეთ, მწვრთნელმა რაც დავალებები მოგვცა, ფაქტობრივად 100%-ით შევასრულეთ და ესპანეთი დავამარცხეთ, ისტორიული გამარჯვებაა. დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტზეც გადავსებული იქნება დარბაზი და ასე უნდა გავაგრძელოთ მოგებებით. დიახ, თამაშამდე ხუმრობით ვთქვი, რომ ესპანელებს აქ ჩამოსვლის ეშინიათ და სიმართლე აღმოჩნდა, ჩემმა სიტყვებმა გაამართლა", - ამბობს გიორგი  შერმადინი.




პარკეტზე დიდი დროის გატარება არ მოუხდა ბექა ბურჯანაძეს, სადაც მან მხოლოდ, 08:21 წუთი გაატარა და 3 ქულა აიღო. თუმცა, ამ შეხვედრაში, რომელშიც პერიოდების მიხედვით, ერთი, მესამე 7-16 წავაგეთ, მატჩის მოსაგებად მთელმა გუნდმა იშრომა და შესაბამისად, ყველა ქულას ოქროს ფასი ჰქონდა.


„ძალიან მიხარია, რომ ახალ დარბაზში პირველი თამაშში ჩვენს გულშემატკივართან ასეთი შერწყმული ატმოსფერო იყო და ასე დავაგვირგვინეთ თამაში. მინდა, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო სტაფს, გულშემატკივრებს და მთლიანად საქართველოს მივულოცო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და მინდა, ეს იყოს საწინდარი იმ გამარჯვებების, რომელიც მომავალში გველის. ევრობასკეტი წინაა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი დინამიკით მივდივართ, მითუმეტეს ასეთი თამაშის შემდეგ. ახლა ორი კვირა დავისვენებთ და შემდეგ ისევ განვაახლებთ შეკრებას. წინ ბევრი თამაში გველოდება, როგორც ამხანაგური, ისე ოფიციალური ევრობასკეტამდე და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ", -ამბობს ბექა ბურჯანაძე.




მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრები ასპარეზობას მორჩა. ამ მომენტისთვის ჩვენ გუნდს 6 თამაშიდან 10 ქულა აქვს და ვიდრე, ესპანეთი, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება პირველ ადგილზეა. ჯგუფის ბოლო დაპირისპირება კი, 7 ივლისს გაიმართება.