დაემატება გუნდი თუ გავარდება „სოხუმი“, ამასობაში "მგზავრებმა" კიდევ მოიგეს
დაემატება გუნდი თუ გავარდება „სოხუმი“, ამასობაში "მგზავრებმა" კიდევ მოიგეს
11.04.2018
ავტორი:

„ქუთაისი", „რუსთავი", „დინამო" „კაკტუსი" - ეს, ის ოთხი გუნდია,  რომლებიც საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის მატჩების დაწყებადე გათამაშების სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. ერთად-ერთი, ვინც ქვეყნის საკალათბურთო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე მათი მეტოქე ვერ გახდება „სოხუმია", რომელიც 9-გუნდიან ჩემპიონატში, თითქმის პირველობის დაწყების დღიდან უშანსოდ იყო.

თუმცა, ჩაანაცვლებს ამ კლუბს ვინმე, თუ არა სუპერლიგის მომავალ გათამაშებაში ეს, 17 აპრილს, საქართველოს კალათბურთს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზეც შეიძლება გადაწყდეს. ასეთი შინაარსის შეკრება, რიგგარეშე ყრილობის მოწვევა, როგორც გახსოვთ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთანავე გააკეთა ახლადარჩეულმა პაატა გურასპაულმა. რამდენიმე კვირის წინ კი მედიასთან გამართულ საანგარიშო შეხვედრაზეც დააანონსა რიგგარეშე ყრილობა. სწორედ, ამ ბოლო შეხვედრისას, პაატა გურასპაულმა არ გამორიცხა, რომ მომავალი სეზონიდან, საქართველოს სუპერლიგას მე-10 გუნდი დაემატოს. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „სოხუმს" მექანიკურად სუპერლიგაში ადგილი უნარჩუნდება. ამ ლიგაში მოთამაშე კლუბებისთვის კი,  სუპერლიგის დატოვების საშიშროება ერთი წლით გადაიდება.

რაც შეეხება გათამაშების გამარჯვებულს, ინვესტიციის გარეშე, გარისკავს თუ არა, რომელიმე ქართული კლუბი, მომავალ ევროტურნირზე თამაშს, ჯერ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მანამდე, კი საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა თბილისსა და რუსთავში. გთავაზობთ გათამაშების სატურნირო ცხრილს და ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ ტურის მიმოხილვას.


„რუსთავი" - „ქუთაისი" 86-80

სუპერლიგის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც სათამაშოდ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ქუთაისი" ჩავიდა. ქვემოქართლელებს ბოლო 2 შეხვედრა წაგებული ჰქონდათ, რის გამოც ცხრილში "კაკტუსი" წამოეწიათ და დღევანდელ მატჩში გამარჯვება მასპინძლებს ჰაერივით სჭირდებოდათ. "რუსთავს" დაუბრუნდა ცენტრალური თავდამსხმელი პოლ კუპერი, რომელმაც ქვემოქართლელთა ფარქვეშეთი მნიშვნელოვნად გაამაგრა და ეს შედეგზეც აისახა.

რუსთაველებმა მატჩი დაძაბულ ბრძოლაში - 86-80 მოიგეს, რაც გამართული თამაშის შედეგი გახლდათ. ქვემოქართლელებმა თამაში ზეშედეგიანად დაიწყეს - 10-0 გალიდერდნენ, მოგვიანებით კი 24-6 დაწინაურდნენ. მასპინძლები ყველა კომპონენტში დამაჯერებლად თამაშობდნენ - სწრაფ გარღვევებსაც შედეგიანად ახორციელებდნენ, შორიდანაც ზუსტად უტევდნენ და დაცვაშიც უბადლოდ ირჯებოდნენ.

პირველი პერიოდის შემდეგ ქვემოქართლელები 32-17 დაწინაურდნენ, მეორე მეოთხედში კი სტუმრებმა ტემპს და შედეგიანობას უმატეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს. რუსთაველები პერსონალური ჯარიმებით დაიხუნძლნენ, რამაც მათი მწვრთნელი რამაზ გოგობერიშვილი აიძულა, როტაციისთვის ხშირად მიემართა. ქუთაისელებმა ამერიკელი უკანახაზელების - დეჟან რაიტისა და ჯონათან ლის ზუსტი შეტევების წყალობით მესამე პერიოდში ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო დასკვნით ათწუთეულში, საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს - 78-78.

დასკვნით წუთებზე მატჩის ბედი რუსთაველთა კარგმა დაცვითმა თამაშმა და შეტევაში ზუსტმა კომბინაციებმა გადაწყვიტა. ადამ ბლეიზეკმა და ტაირელ ნელსონმა რუსთაველთა დამაწინაურებელი ქულები ჩააგდეს, ხოლო დაცვაში მოგერიებული ქუთაისელთა შეტევების შემდეგ გამარჯვება გაინაღდეს. მასპინძელთაგან 30 ქულით საუკეთესო გახლდათ ადამ ბლეიზეკი. 17 ქულა მოაგროვა ბრაიან ბერნარდიმ. 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ტაირელ ნელსონმა, ხოლო რევაზ ჩაჩანიძემ და ლევან ცეკვავამ შეხვედრა 8-8 ქულით დაასრულეს. "ქუთაისში" 24 ქულით ჯონათან ლი გამოირჩა. 22 ქულა მიითვალა დეჟან რაიტმა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ მოედანს წარმატებით დაუბრუნდა.

მატჩის სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში, "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი: "მივულოცავ რუსთავის გუნდს გამარჯვებას. სამწუხაროდ, დავმარცხდით. რუსთავში საერთოდ ძალიან რთულია თამაში და ეს დღესაც დადასტურდა. პლეი ოფი ახლოვდება და ვცდილობთ,ცხრილში პირველ ადგილზე და კარგ ფორმაში შევხვდეთ გადამწყვეტ მატჩებს. მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, მაინც გვაქვს ლიდერობის ბოლომდე შენარჩუნების შანსი და ვეცდებით, დარჩენილ თამაშებში გავიმარჯვოთ".

რამაზ გოგობერიშვილი, "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი: "მიმდინარე ჩემპიონატში 8 თანაბარი გუნდია და შესაბამისად, თითოეული გამარჯვების მოპოვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ბოლო 2 მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ ბიჭებმა გაანალიზეს დაცვაში დაშვებული შეცდომები და ყველაფერი გააკეთეს გამარჯვების მოსაპოვებლად. ვულოცავ გუნდის წევრებს გამარჯვებას, ასევე გულშემატკივარს, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან. ვეცდებით, დარჩენილი 4 ტური წარმატებით ჩავამთავროთ და შევინარჩუნოთ მეორე ადგილი, რაც პლეი ოფის პირველ და მეორე წრეში მოედნის უპირატესობას მოგვცემს".

 

მგზავრები" - მარნეული" 85-76

საკალათბურთო კლუბი "მგზავრები" რეკორდზე მიდის. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს მარნეულის "დელტას" სძლია და წარმატებული მატჩების სერია 6-მდე გაზარდა. მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგი "დინამოს" აქვს, რომელმაც სუპერლიგა ზედიზედ 7 მოგებით დაიწყო.

"მგზავრების" კალათბურთელები მართლაც ჩინებულ ფორმაში არიან. ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 15 მარტიდან მოყოლებული 6 მატჩი გამართა - ქუთაისთან, რუსთავთან, კაკტუსთან, სოხუმთან, ოლიმპთან, მარნეულთან და ყველა იმარჯვა. დღევანდელ მატჩში "მგზავრები" მესამე პერიოდამდე აგებდნენ, თუმცა გარდატეხა მოახდინეს და 10-0 მოგებული 3-წუთიანი მონაკვეთის შემდეგ მეტოქე წელში გატეხეს.

"მარნეულს" ნომინალური ცენტრი არ ჰყავს და ქვემოქართლელებს მთელი თამაშის მანძილზე უჭირდათ მეტოქის მეფარეების - ირაკლი ალხანაიძისა და ბერნარდ ნკალის შეჩერება. სანამ "მგზავრების" უკანა ხაზი მესამე პერიოდში მთელი გაქანებით ამოქმედდებოდა, თამაშმა სწორედ მეფარეების მხრებზე გადაიარა. ალხანაიძის მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი 16 ქულა გახლდათ, დღეს კი მან "მანრეულთნ" 24 ქულა მოიხვეჭა და "მგზავრების" გამარჯვებაში გამორჩეული წილი დაიდო.

მეოთხე პერიოდში, როცა "მარნეული" ჩამორჩა, მათ ლიდერ ლევან ფაცაციას ნერვებმა უმტყუნა. ფაცაციამ გააპროტესტა მსაჯის გადაწყვეტილება, რის გამოც ორჯერ ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა და მოედნის დატოვება მოუხდა. აქ კი საბოლოოდ გადაწყდა მარნეულელთა ბედი - "მგზავრებმა" მატჩი 85-76 მოიგო და "ოლიმპთან" ჩამორჩენა (დაკარგული ქულებით) მინიმუმამდე შეამცირა.

ალხანაიძის 24 ქულის კვალზე 20 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ. 14 ქულით დაასრულა მატჩი ადრიან ბოუიმ, ხოლო ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 9 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. მარნეულელთაგან 21 ქულით საუკეთესო გახლდათ დეანდრე რეი. 16 ქულა ნიკოლას ნილმა მიითვალა, ზვიად ანთაძემ კი პირად ანგარიშზე 11 ქულა ჩაიწერა.

მატჩს სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები

თემურ კანკია, "მარნეულის" მთავარი მწვრთნელი: "ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. დაცვამ ვერ იმუშავა, ვერ შევაჩრეთ მეტოქის სწრაფი შეტევები და ლოგიკური შედეგი მივიღეთ. რაც შეეხება "მგზავრებს", ეს გუნდი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და დამსახურებულად იგებს თამაშებს. ჩვენი მიზანი ახლა ისაა, რომ პლეი ოფის მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ."

ბუბა ბერიშვილი, "მგზავრების" მთავარი მწვრთნელი: "ზედიზედ მე-6 გამარჯვება ნამდვილად კარგი შედეგია, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ცხრილში პოზიცია გაგვემყარა. ვნახოთ, დარჩენილ მატჩებშიც ვეცდებით წარმატების მიღწევას და შემდეგ პლეი ოფის დროც მოვა. იმედი მაქვს, ეს მოგებები საშუალებას მოგვცემს, პლეი ოფს შედარებით კარგ ვითარებაში შევხვდეთ. ჩვენი მიზანია, ეს ტემპი შევინარჩუნოთ გადამწყვეტი მატჩებისთვის".

 

სოხუმი" - ბათუმი" 60-93

გუშინ დაწყებული სუპერლიგის 28-ე ტური დღეს გრძელდება. თბილისში დაგეგმილი 2 მატჩიდან 1 უკვე დასრულდა. სუპერლიგის აუტსაიდერმა "სოხუმმა" "ბათუმს" უმასპინძლა და 60-93 წააგო. ლეგიონერების გარეშე დარჩენილი სოხუმელები ყველა მატჩში განწირულნი არიან და არც ეს მატჩი იყო გამონაკლისი. ბათუმელებმა შეხვედრა ისე მოიგეს, არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.

ბათუმელებმა გუნდურად ითამაშეს. 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 19-19 ქულით საუკეთესოები იყვნენ ლეონიდ სტეპანიშინი სპენსერ კოლინსი. 14 ქულა მოაგროვა ერიკ ჩილდრესმა, ხოლო ილია შემოსიუკის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. "სოხუმში" 13 ქულით ბომბარდირი გახდა სერგო ათუაშვილი. 11 ქულა მაიზერ რევაზაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

მატჩს სტატისტიკა