სუპერლიგის ფლეი-ოფის ყველა წყვილი მალა გაირკვევა
სუპერლიგის ფლეი-ოფის ყველა წყვილი მალა გაირკვევა
05.04.2018
ავტორი:

დღეს, ბათუმსა და თბილისში საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი კალენდარული ტურის მატჩები გაიმართება. თბილისში 17:00 საათზე ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში, „დინამო" „რუსთავს" დაუპირისპირდება. კიდევ ერთი თბილისური კლუბი „კაკტუსი" კი ბათუმში, ადგილობრივ კლუბს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ კალათბურთს ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბათუმელებს უმაყურებლოდ თამაშის 2-მატჩიანი დისკვაიფიკაცია აქვთ. „კაკტუსთან" დაპირისპირება, მათ ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწევთ.

გუშინ კი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 2 მატჩი გაიმართა. გთავაზობთ, კალათბურთს ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ მიმოხილვას.

 

„მარნეული-დელტა" - „სოხუმი" 108-66

ოფიციალურად გაირკვა - დღევანდელი წაგების შემდეგ, "სოხუმი" ბოლო ადგილს ვეღარ ასცდება. შესაბამისად, პლეი ოფში გასული რვავე გუნდის ვინაობაც ცნობილია. გია კაზანჯიანისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა სოხუმელებმა, რომლებმაც გაუთავებელი წაგებების შემდეგ წამყვანი ლეგიონერები დაკარგეს, რის შემდეგაც ყველა მატჩისთვის წასაგებად გაიწირნენ, დღესაც, ცხრილში მე-8 ადგილზე მყოფ "მარნეულთან" უშანსოდ - 66-108 წააგეს.

როგორც ხედავთ, ბრძოლა არ შედგა. მარნეულელებმა დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი დეანდრე რეიმ 21 ქულით დაიდო. 18 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ნიკოლას ნილმა, ხოლო გიორგი ვახანიამ და არტიომ შვეცმა 16-16 ქულა მოაგროვეს. "სოხუმში" 14 ქულით საუკეთესო იყო ტატო ზუზაძე. 13 ქულა მიითვალა მაიზერ რევაზაშვილმა, ხოლო ლევან რევაზაშვილის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

თემურ კანკია,  მარნეულის „დელტას" მთავარი მწვრთნელი: „ნორმალურ ფორმაში ვართ, გარდა ამისა, ვიცით „სოხუმი" რა პრობლემების წინაშეა და აქედან გამომდინარე, შედეგიც სახეზეა. წარმატებებს ვუსურვებ „სოხუმს" მომავალში."

გია კაზანჯიანი, „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი: „ათუაშვილი ვერ იყო ფორმაში და ცოტა ხანს ვათამაშეთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არაა წაგების გასამართლებელი მიზეზი, ამხელა ანგარიშით დამარცხებას ნამდვილად არ ველოდით, თუმცა ვულოცავ „მარნეულს" და ვუსურვებ წარმატებას."

მატჩის სტატისტიკა

 

„ოლიმპი" - „მგზავრები"  79-93

სუპერლიგაში ბოლო პერიოდის ყველაზე შედეგიანი გუნდი თბილისის "მგზავრებია". ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო, რაც, თუ სუპერლიგის წევრთა დაბალანსებულ პოტენციალს გავითვალისწინებთ, ძალიან კარგი შედეგია. "მგზავრებმა" დღეს მაღალი ამბიციის მქონე "ოლიმპი" ისე დაამარცხეს, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნია. ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრის უმეტეს პერიოდში მეტოქე 20 ქულაზე ახლოს არ მიიკარა, საბოლოოდ კი 93-79 მოუგო და ცხრილში პოზიცია გაიმყარა.

დაკარგული ქულების მხრივ, "მგზავრებსა" და "ოლიმპს" შორის უკვე მინიმალური სხვაობაა. შესაძლოა, "მგზვარებმა" მოახერხონ კიდეც ცხრილში მე-7 ადგილიდან მეექვსეზე, ან თუნდაც მე-5-ეზე ანაცვლება, თუმცა უფრო მთავარი ალბათ ისაა, რომ ბერიშვილის გუნდი პროგრესირებს და პლეი ოფს ფორმის პიკზე ხვდება. მეოთხედფინალში "დინამო" იქნება "მგზავრების" მეტოქე, "რუსთავი" თუ "კაკტუსი, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მთავარია, გუნდი კარგად შეთამაშებული შეხვდეს გადამწყვეტ მატჩებს და დანარჩენი შემდეგში გადაწყდება.

რაც შეეხება "ოლიმპს", ლეონიდ ივატინისა და დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი ვერაა სათანადო დონეზე - რაც უმეტესწილად ტრავმიანობის ბრალია, თუმცა ვინც ჯანზეა, ვერც ისინი აჩვენებენ მწვრთნელებისთვის სასურველ, ვარჯიშებზე დაგეგმილ თამაშს. ასე რომ, დღევანდელი მატჩი ოლიმპელებისთვის კარგი გაკვეთილი უნდა გახდეს და როცა ამ გუნდს ნაოპერაციები მარკ ოგდენი და ახალწვეული ნიკა მეტრეველი დაემატებათ, მეტი წარმატების ჯანსაღი ამბიციაც მაშინ მიეცემათ.

დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ადრიან ბოუი გახდა, რომელიც საშუალოდ მითვლილი 19.6 ქულით სუპერლიგის მეორე მექულეა და მას კაკტუსელი დეანდრე პარკსი მხოლოდ 0,1 ქულით უსწრებს. ოლიმპელებს 17 ქულა ჩაუგდო ტეილორ სტეფორდმა, ხოლო ირაკლი ალხანაიძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. "ოლიმპში" 16-16 ქულით ბომბარდირობა გივი ბაქრაძემ და მორის ჰილმა გაიყვეს, ხოლო ნიკა დარბაიძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. სუპერლიგის 26-ე ტური ხვალ, ბათუმსა და თბილისში გასამართი მატჩებით დასრულდება. აჭარაში სათამაშოდ "კაკტუსი" ჩავა, ხოლო დედაქალაქში "დინამო" "რუსთავს" უმასპინძლებს.

მატჩის სტატისტიკა

სატურნირო ცხრილი