„რუსთავში“ კიდევ ერთი ყოფილი დინამოელი იწყებს თამაშს
„რუსთავში“ კიდევ ერთი ყოფილი დინამოელი იწყებს თამაშს
14.03.2018
ავტორი:

შაბათს, 17 მარტს, თბილისში, „დავით პეტრიაშვილის არენაზე" ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართება. საჩხერის „ჩიხურა", რომელიც ივანწმინდაში, მშობლიური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, მატჩებს თბილისში მართავს, „რუსთავს" შეხვდება.

ამ დაპირისპირებაში, „რუსთაველთა" შორის სადებიუტო მატჩს ჩაატარებს მათე ცინცაძე. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი 2017 წლის დასაწყისში პოლონეთში „პოგონში" გადაბარგდა. თუმცა, თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ფეხბურთელსა და კლუბს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ცინცაძე საქართველოში დაბრუნდა.

 „რუსთავში" ბევრი მეგობარი დამხვდა, ამიტომ გუნდთან შეგუება არ გამჭირვებია. გუნდი, უკვე შეკრებაზე იყო, როდესაც საწვრთნელ პროცესს შევუერთდი. ფაქტიურად, შეკრებაზე მხოლოდ, 8 დღე ვიყავი, როდესაც გუნდი თვენახევარი ემზადებოდა" - ამბობს tsff.ge-სთან საუბარში მათე ცინცაძე.

 შეკრებაზე გატარებული რვავე დღე, ფეხბურთელმა რეაბილიტაციას მოანდომა. საქართველოში დაბრუნებულს ტრავმაც ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ მათე ცინცაძეს ზედა კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი. ამას გარდა, ფეხბურთელს, რომელიც სეზონისწინა შეკრებიდან „რუსთავთან" იმყოფებოდა, ქართული კლუბის განაცხადში დარეგისტრირება ვერ ხერხდებოდა.

„რაღაც გაურკვევლობა იყო პოლონეთიდან, მაგრამ ისეთი არა, რომ არ მოგვარებულიყო. ახლა, უკვე ყველაფერი მზადაა და საჩხერის „ჩიხურასთან" თამაშზე, როგორც მწვრთნელმა მითხრა, განაცხადში ვიქნები. როგორც გაზაევმა მითხრა, თამაში, რომ ვიგრძნო, მეორე ტაიმში შემიშვებს", - ამბობს ცინცაძე.

„რუსთვის" ნახევარმცველს, მოკლევადიანი კონტრაქტი აქვს. საქართველოში დაყოვნებას, ფეხბურთელი სავარაუდოდ, შემოდგომამდე გეგმავს, თუმცა თვლის, რომ ვიდრე, „რუსთავის" ღირსებას დაიცავს, გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯება.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ, ეროვნულ ლიგაში სათამაშოდ დაბრუნებული 23 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მის აქ არ ყოფნაში ეროვნული ლიგის დონე გაზრდილია. „მიხარია, რომ ყველა გუნდის თამაშის ყურება შესაძლებელია. თუმცა, უმჯობესი იქნება, თუ ყველა გუნდს საკუთარი სტადიონი ექნება და საკუთარი გულშემატკივრის წინ, სახლში ითამაშებს", - ამბობს მათე ცინცაძე.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი" ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე რამდენიმე გუნდის მსგავსად, საშინაო თამაშებს, გარკვეული პერიოდი, რუსთავის ნაცვლად, სწორედ თბილისში, „პეტრო არენაზე" გამართავს.

რაც შეეხება მათეს, თუ არ ჩავთვლით ექსტრაკლასაში გატარებულ ერთ წელს, შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების 137  მატჩი აქვს ჩატარებული. გატანილი აქვს 12 გოლი. 2007 - 2013  წლებში, ის თბილისის „ლოკომოტივში" თამაშობდა. 2013 - 2014  წ.წ. ქუთაისის „ტორპედოს" ღირსებას იცავდა, ხოლო 2014 - 2016 წ.წ. იყო „დინამო თბილისის" წევრი. არის საქართველოს 2 გზის ჩემპიონი, დ. ყიფიანის თასის 3 გზის მფლობელი, 2-ჯერ კი საქართველოს სუპერ თასის გამარჯვებული იყო.