ახალი სეზონი „ცხუმ-აფხაზეთმა“ მოგებით დაიწყო, ცხრილის სათავეში კი თსუ არის
ახალი სეზონი „ცხუმ-აფხაზეთმა“ მოგებით დაიწყო, ცხრილის სათავეში კი თსუ არის
24.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


გუშინ, ბათუმში ჩატარებული საოცარად დაძაბული შეხვედრის შემდეგ, „ბათუმსა" და თბილისის „დინამოს" შორის, დღეს უკვე თბილისში, სუპერლიგის ორი შეხვედრა გაიმართა. ოლიმპიურ სასახლეში, თავდაპირველად ერთმანეთს თსუ და „ოლიმპი" დაუპირისპირდნენ. ალბათ თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „ოლიმპს", ამ შეხვედრაში სასტარტო ხუთეულის რამდენიმე მოთამაშე აკლდა - გივი ბაქრაძე, კახა ჯინჭარაძე და კენდრიკ ტომპსონი. თსუ-ს კი, როგორც იცით გიორგი ცინცაძე სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში, კიდევ დიდხანს ვერ ეყოლება. ცინცაძე შესაბამისად, დააკლდება ეროვნულ ნაკრებსაც, ნოემბერსა და თებერვალში დაგეგმილ საკვალიფიკაციო მატჩებში.


შეხვედრის პირველი ორი მეოთხედი კი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ნაწილი, თსუ-მ მოიგო 25-23, აი მეორე მეოთხედი „ოლიმპის" სასარგებლოდ დასრულდა 22-26. ტაიმი კი, 2 ქულით, 47-49 „ოლიმპმა" მოიგო. გარდამავალი უპირატესობით, თუმცა, ოდნავ თსუ-ს კარნახით წარიმართა მეორე ტაიმიის დარჩენილი ორი მეოთხედი, რომელიც თსუ-მ მოიგო, 19-12 და 17-15. მატჩის დაძაბულობაზე ისიც მეტყველებს, რომ შეხვედრაში ანგარიში 7-ჯერ გათანაბრდა, ლიდერი კი, 11-ჯერ შეიცვალა. გადამწყვეტი მეოთხედის ბოლოს, თსუ-ელებმა პერიმეტრი დატვირთეს და ეს მათ კარგადაც გამოუვიდათ. შეხვედრის ამ მონაკვეთში აღებული 17 ქულიდან, მათ 12 ქულა, სწორედ 3-ქულიანი სროლებიდან ჩააგდეს.


ისევე, როგორც სუპერლიგის სასტარტო შეხვედრაში „დინამოსთან",თსუ-ელებიამჯერადაც ძირითადად ამერიკელ ლეგიონერს, ლოველ ქაბილიას ტვირთავდნენ. თუმცა, ამერიკელმა პირველ ტაიმში, მხოლოდ 10 ქულა დააგროვა. თსუ-ელთა უკანახაზელმა, საბოლოოდ 29 ქულა აიღო და 2 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. სამაგიეროდ, ორმაგი დუბლი შეასრულა „ოლიმპის" შემადგენლობაში მოთამაშე ილია ლონდარიძემ, რომელმაც 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ყველაზე შედეგიანი მის გუნდში კი, ბუნდუ აბდულაი იყო. ამ შეხვედრაში, რომელიც თსუ-მ 83-76 მოიგო, კიდევ ერთი კალათბურთელი გამორჩევა შეიძლება - მიხეილ ბერიშვილი, თსუ-ელთაგან 9 მოხსნითა და 5 გადაცემით.


ახლადდაწყებული სუპერლიგის გათამაშებას, 2 ტურის შემდეგ თსუ ლიდერობს.


სატურნირო ცხრილი



დღევანედლი დღის მეორე და ამ ტურის ბოლო შეხვედრაში „კაკტუსი" და „ცხუმ-აფხაზეთი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს მატჩი, მიმდინარე გათამაშებაში „ცხუმ-აფხაზეთისთვის" სადებიუტო იყო, თუმცა, ისევე, როგორც მისი მწვრთნელისთვის, ირაკლი ძიძიგურისთვის, რომელიც მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდს პირველად ხელმძღვანელობდა.


სუპერლიგის სასტარტო შეხვედრის შემდეგ კი, „კაკტუსი" ოდნავ გაძლიერებული წარსდა დღევანდელ შეხვედრაში. არჩილ ჟღენტის გუნდმა, რუმინეთიდან დაბრუნებული რეზო როგავა და ამერილელი ჯორდან ფორბსი დაიმატა. როგავამ მოედანზე 31:20 წუთი დაჰყო და მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხა, აი, ფორბსმა კი, 24 წუთში, 17 ქულა აიღო. „კაკტუსის" დებიუტანტისგან მხოლოდ, 2 ქულით მეტი, 19 ქულა დააგროვა თბილისელთა მეორე ამერიკელმა ლეგიონერმა, ანდრე ფოქსმა, თუმცა, ამერიკელების გარჯამ „კაკტუსს" ვერ უშველა და არჩილ ჟღენტის გუნდმა, მიმდინარე გათამაშებაში მეორე შეხვედრა წააგო, ამჯერად, 77-84.


აღსანიშნავია, რომ ამ შეხვდრაში, ანგარიში მხოლოდ ერთხელ გათანაბრდა ლიდერობა კი, „ცხუმ-აფხაზეთს" მთელი თამაშის მანძილზე არ დაუთმია მეტოქისთვის. პირველი მეოთხედის მოგების შემდეგ, 17-25, „ცხუმ-აფხაზეთმა" მხოლოდ მესამე მეოთხედში მოახერხა გამარჯვება, 17-24, აი, მეორე და მეოთხე მეოთხედები კი, 18-17 და 25-18 წააგო, თუმცა, საერთო ჯამში, სეზონის სასტარტო შეხვედრაში გამარჯვება მოახერხა.


სპეციალისტების აზრით, მიმდინარე სეზონში, „ცხუმ-აფხაზეთი", თავისი შემადგენლობით სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტადაც შეიძლება ჩაითვალოს.





კალათბურთის ფედერაციის ფოტოები