მორის ყვითელაშვილი თვის ბოლოს პრესტიჟული გრან პრის ეტაპზე იასპარეზებს
მორის ყვითელაშვილი თვის ბოლოს პრესტიჟული გრან პრის ეტაპზე იასპარეზებს
23.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინ, 22 ოქტომბერს, აშშ-ში, კერძოდ კი ლას-ვეგასში, სტარტი აიღო ფიგურული ციგურაობის გრან-პრის ერთ-ერთმა ეტაპმა, რომელიც გასულ სეზონზე, კორონა ვირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. ახალ სეზონზე კი, რეიტინგის მაღალ საფეხურებზე მყოფ სპორტსმენებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა ამ პრესტიჟული ტურნირის 6 ეტაპიდან, სხვადასხა ეტაპზე მიიღონ მონაწილეობა. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველები, აღნიშნული გრან პრის ორ ეტაპზე იასპარეზებენ. აქედან უახლოესი 29-31 ოქტომბერს, კანადაში, კერძოდ ვანკუვერში გაიმართება.

კანადურ ეტაპზე საქართველოს, ვაჟთა შორის ერთეულთა თანრიგში მორის ყვითელაშვილი წარმოადგენს. გრან პრის ბოლო, მე-6 ეტაპზე კი, რომელიც სოჭშია ( რუსეთი) დაგეგმილი, ყვითელაშვილის გარდა, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას მოცეკვავე  წყვილიც იასპარეზებს.


შეგახსენებთ, რომ ზამთრის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართული გუნდი, ფიგურულ ციგურაობაში ყველა დისციპლინაში იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, პეკინის თამაშებამდე დარჩენილი ყველა ტურნირი, ჩვენი სპორტსმენების მომზადებას და ოლიმპირ თამაშებზე წარმოსადგენი პროგრამის დახვეწას უწყობს ხელს.


ამასობაში, საქართველოს  ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია და მისი პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, ფედერაციის სოციალური ქსელში, გამოხატავენ მადლიერებასა და პატივისცემას, აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელ ეკატერინე  ნინუასა და უნგრეთში, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენელ ნანა ხურცილავას, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლებიც, სისტემატურად გვერდში უდგანან აღნიშნულ ფედერაციას, სპორტსმენებს, მსაჯებს.


„ქართველ მოციგურავეებს  სეზონის მანძილზე სხვადასხვა საერთაშორისო  ტურნირებში მონაწილეობისას,  ხშირად  უწევთ გადაადგილება მსოფლიოს  სხვადასხვა  ქალაქში. ფიგურული  ციგურაობის გულშემატკივრების გარდა, არიან ადამიანები, რომელთა თანადგომა და  ორგანიზაციული დახმარება ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ფაქტია. ამ მიმართულებით, ჩვენ სპორტსმენებსა და სპეციალისტებს არაერთხელ უგრძვნიათ   დახმარების გაწევის სურვილი და ადამიანური მხარდაჭერა, საქართველოს საელჩოებსა და  საკონსულოებში ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან",  - ნათქვანია ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

ფოტო: @ISU