ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია
ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია
25.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ბევრმა წამყვანმა ძიუდოისტმა „არდადეგები" გაიხანგრძლივა, ამით „ზაგრების გრან პრის" მნიშვნელობა სულაც არ დაკნინებულა. მითუმეტეს, რომ ძიუდოს საერთაშორისო ტურის ფარგლებში, ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობა, თითოეულ სპორტსმენს გამოცდილებას მატებს. ალბათ, სწორედ, ამ გამოცდილების ნაკლებობა გახდა მიზეზი, 21 წლის ქართველი ძიუდოისტის, ტატო გრიგალაშვილის მარცხიც ოლიმპიადაზე, თუმცა, ეს იყო გაკვეთილი, რომელსაც ნიჭიერი ქართველი ძიუდოისტი ჭკვიანურად გამოიყენებს.


ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ განახლებულ მსოფლიო რეიტინგებში, -81კგ წონით კატეგორიაში, ტატო, 5967 ქულით წონის ლიდერია. ზაგრების გრან პრიზე, სადაც, სწორედ, ტატო გრიგალაშვილი ითვლებოდა ერთ-ერთ ფავორიტად, ქართველები უჩვეულოდ ცოტა სპორტსმენით, 4 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი. ჩვენები, სამ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ და აქედან, სამმა, სწორედ დღეს სცადა ძალები.


-73 კგ წონით კატეგორიაში, ჯაბა მელაძემ პირველ ორთაბრძოლაში ბრიტანელი დანიელ პოუველი დაამარცხა, თუმცა, მეორე შეხვედრაში ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. წონა კი, აზერბაიჯანელმა ჰეიდაროვმა მოიგო.


-81 კგ წონით კატეგორიაში კი, ასპარეზობა ორმა ქართველმა დაიწყო. ზაურ დვალიშვილი, ესპანელ ხოსე მარია მენდიოლა ისკიეტასთან, დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ამ წონის ფავორიტად კი, ქართველი ტატო გრიგალაშვილი იყო მიჩნეული, რომელმაც ასპარეზობა 1/8 ფინალიდან (მეორე წრიდან) დაიწყო და ფინალამდე მე-10 წამზე მოლდოველი ნიკონ ზაბოროსკიუჩი,  მესამე საასპარეზო წუთის დასაწისში ფრანგი ბაპტისტ პიერი და  23-ე წამზე, ჯიმი ჰეიმანი იპონებით დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც, მისი მეტოქე, ბრაზილიელი გილერმ შმიდტი იყო. ფინალამდე ჩატარებული ბრძოლებისგან განსხვავებით, ზაგრების გრან პრის დასკვნითი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ტატო, ვაზარით დაწინაურდა. შემდეგ კი, ორჯერ დაჯარიმდა, თუმცა, საბოლოოდ მაინც მოახერხა გამარჯვება და ოქროს მედალთან ერთად,  პირად რეიტინგს 1000 ქულა შემატა.

 



ფოტოები: @IJF/გიორგი ჭანიშვილი