გენოს რევანში გადაიდო, ქართველები კი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან
გენოს რევანში გადაიდო, ქართველები კი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან
14.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ გაემგზავრება ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2-10 ოქტომბერს, ოსლოში გაიმართება. ქართველი მოჭიდავეები, როგორც „კლასიკები" ასევე, „თავისუფლები", ნორვეგიაში გამგზავრებამდე, ბოლო მოსამზადებელ პერიოდს გადიან და ამის პარალელურად, ცდილობენ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში.


მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამართულ ბოლო საერთაშორისო ტურნირზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მნიშვნელოვანწილად გამოიკვეთა ჩვენი გუნდის შემადგენლობა, თუმცა, წინ, კიდევ ორი მოსამზადებელი შეკრებაა და შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდში დასახელდება ჩვენი ნაკრების სია.  ანალოგიური ვითარებაა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა „ბანაკშიც". მინსკის საერთაშორისო ტურნირი და მსოფლიომდე, შეკრება, ბუნებრივია, ნაკრების ფორმირებაშიც დიდ წვლილს შეიტანს. მოკლედ, ოფიციალურად, თუ ვინ წარგვადგენს ოსლოში, დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი.


თუმცა, ამ დროისთვის უკვე გარკვეულია, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის რევანშს, ვერ აიღებს. ცნობილი გახდა, რომ 125კგ წონით კატეგორიაში, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, 21 წლის ამერიკელი გაბლ სტივენსონი, მსოფლიო ჩემპიონატზე, მონაწილეობას არ მიიღებს. უფრო მეტიც, ამერიკელმა, მას შემდეგ, რაც ოლიმპიური ოქრო ჩაიჯიბა, საბოლოოდ გადაწყვიტა თავისუფალი ჭიდაობისთვის თავის დანებება და როგორც ჩანს, ამბიციებმაც შეაწუხა. ასე, რომ თავის გამოცდა, UFC-ში, Bellator-სა და WWE-ში გადაწყვიტა. ცნობილი გახდა, რომ მან საკმაოდ სარფიანი კონტრაქტიც გააფორმა WWE-სთან. აი, „თავისუფალის" ხალიჩიდან კი, ცოტა არ იყოს, „ლაჩრულად გაიპარა".


ამრიგად, ოსლოშიც, ჭიდაობის მოყვარულები, ტრადიციული ინტრიგის მოლოდინში იქნებიან, თუკი, რა თქმა უნდა, გენოსა და თურქი თაჰა აქგულის დაპირისპირება შედგება.



სპორტის სამინისტროს ფოტო