გზავნილი მომავალში...
გზავნილი მომავალში...
30.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი ძიუდოისტები საქართველოში, 2 აგვისტოს, გამთენიისას დაბრუნდებიან. მანამდე კი, მედლების გარშე დარჩენილი ორი ახალგაზრდა ძიუდოისტი, გულშემატკივარს, სოციალური ქსელით მიმართავს.


ტატო გრიგალაშვილი:

„გასულ დღეებთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრათ. როდესაც სპორტში კონკრეტულად კი ძიუდოში ხარ, შენი დარბაზში ფეხის შედგმიდან მხოლოდ ერთი ოცნება და ერთი მიზანი გიჩნდება, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია. მინდა თითოეულ ჩემს გულშემატკივარს ბოდიში მოგიხადოთ. მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ, მაპატიეთ, რომ ვერ ვიბრძოლე სათანადოდ ჩვენი ჭირნახული სამშობლოს ღირსების დასაცავად.


მინდოდა თქვენი გულები გამეხარებინა. მინდოდა, რომ ერთმანეთს სიხარულის ცრემლებით შევხვედროდით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი გადმოგცეთ რას ნიშნავს ჩემთვის ოცნებაზე უარის თქმა. როგორ აგიხსნათ რას ნიშნავს დამარცხების შემდეგ საყვარელი ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, რომლებსაც შენი იმედი აქვთ. მტკივა თითოეული თქვენთაგანისთვის იმედის გაცრუება, მტკივა ის ფაქტი, რომ მთელი ჩემი შრომა, აქამდე მოსასვლელი არც ისე მარტივი გზა სულ არაფერი გახდა.


მადლობა თითოეულ ჩემს გულშემატკივარს, თქვენ მე მაძლიერებთ. თქვენს სიყვარულად და სითბოდ ღირს ყოველი ბრძოლა, ყოველი ვარჯიში. თქვენ ხართ ძალა, რომელიც ყოველი ჩემი ტკივილის დროს მხოლოდ წინ სვლისკენ მიბიძგებს, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც იციან,  რომ ბრძოლის მოსაგებად საუკეთესო მასწავლებელი შენი წარსული შეცდომებია.


ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე და ყველაზე დიდი გაკვეთილი მივიღე. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რაც აქამდე განმიცდია. ვისწავლე, რომ რაც არ უნდა მოხდეს მეტი ვეცადო. ბრძოლას ხომ ყოველთვის აქვს აზრი. დღეს, ჩემი ტკივილის მიმართვას, ბრძოლის და წარმატებისკენ ჩემი საყვარელი ადამიანის, ჩემი მეუღლის წყალობით ვიწყებ. ის არის ადამიანი, რომელიც მასწავლის რომ  ის ვინც ბრძოლას წყვეტს ვერასოდეს იმარჯვებს, გამარჯვებულები კი არასოდეს წყვეტენ ბრძოლას".




ეთერ ლიპარტელიანი:


„დიდი მადლობა ჩემო კეთილო ხალხო გვერდში  დგომის გამხნევებისა და გულშემატკივრობისთვის. ძალიან მიხარია ამდენი  ადამიანი ნაცნობი, თუ უცნობი ყველა მწერს და მადლობას მიხდის ჩემი ბრძოლისა და თავდადებისთვის... მადლობა თქვენ, ქართველო ხალხო. თქვენ მე მაძლიერებთ საქართველოსა და ქართველი ხალხის სიყვარული ორმაგად ძლიერს მხდის... თუმცა, ძალიან რთულია დარჩე კვარცხლბეკს მიღმა ხედავდე და აანალიზებდე იმას, რომ შენი ნატვრა და ოცნება სხვას აუსრულდა. ძალიან ბევრი შრომა თუ ტკივილი იმალება ამის მიღმა. თუნდაც ის, რომ შეგეძლო და ვერ შეძელი! ძალიან რთულია ჩემთვის, იმდენად რთული, რომ გათიშული ვარ, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ იმას, რომ ამდენი ხნის ოცნებამ უმედლოდ ჩაიარა... მაგრამ  ვპირდები ჩემ თავს, გპირდები საქართველო რომ არაერთხელ ავაჟღერებთ ჩვენს ჰიმნს და ჩვენი დროშა, უამრავჯერ იქნება ყველაზე მაღლა!  მადლობა უფალს, მაქვს შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს ღირსება დავიცვა საზღვარ გარეთ... მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო!


მიყვარხართ სვანებო... მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც კი, წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში... მადლობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, რომელიც ყველაფერს აკეთებს სპორტსმენებისთვის. მადლობა, განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ასევე ოლიმპიურ კომიტეტს, მაპატიეთ რომ ვერ შევძელი მედლის მოპოვება, მაგრამ ამით არ დავნებდებით და ბევრჯერ გაგახარებთ. მადლობა, ჩემს უსაყვარლეს მწვრთნელებს გია თენაძესა და კახა მოცრაძეს, რომლებიც ამდენი წელი ჩართული იყვნენ და არიან ჩემს წარმატებაში და არა მარტო ჩემი, ქალთა ძიუდოს წარმატებაში! მადლობა სამედიცინო პერსონალს ზურაბ კახაბრიშვილსა და მის საუკეთესო გუნდს, რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომეს ჩვენთვის. მადლობა კაზალიკ Giorgi Kazali  #ჩვენერთადძლიერებივართ!!! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! მიყვარხართ ქართველებო, მიხარიხართ! მიხარია, რომ ჩემი ტკივილი გტკივათ და ჩემი წარუმატებლობის გესმით და გვერდში მიდგახართ. სწორედაც, რომ ეს ვართ ქართველი ერი!




მადლობა შენ, რომ ყველანაირად გვერდში მედექი და ფსიქოლოგიურად ძალიან გამაძლიერე !Temo Nozadze.  ყველანაირად მომამზადე, რომ უმაგრესად ვყოფილიყავი. შენ ვერ მოხვდი ოლიმპიადაზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებდი, რომ მე წარმატებით გამოვსულიყავი და ჩემი ოცნება  ერთად აგვეხდინა.


ახლა, ვერ გამოგვივიდა, მაგრამ ვიცი და მწამს, რომ აუცილებლად ავიხდენთ! დედა, მამა, მახო ბიძია, დაგამწუხრეთ ძალიან, მაგრამ გპირდებით სანატრელ ოცნებას, ყველა ერთად ავიხდენთ. მაპატიეთ, რომ მე ეს, ახლა ვერ შევძელი. ძალიან მინდოდა, მინდოდა ოქროს მედალი თქვენთვის ჩამომეტანა და ჩემით, ამაყები ყოფილიყავით, მაგრამ ვერ შევძელი! დაგამწუხრეთ, მაგრამ ეს იქნება ჩვენი სიძლიერის წყარო, რომ მომავალში აღარასოდეს დავუშვათ შეცდომები!"

 

 

სპორტის სამინისტროს ფოტო