სამწუხარიოა, რომ გუნდს ცუდად არ უთამაშა მაგრამ ვერ გაიმარჯვა...
სამწუხარიოა, რომ გუნდს ცუდად არ უთამაშა მაგრამ ვერ გაიმარჯვა...
21.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო არენაზე" დღეს, უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე ბოლო მოსამზადებელი დღე იყო. ტრადიციულად ჩატარდა მატჩისწინა პრეს-კონფერენციებიც. დინამოელებს, რომლებიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშნენ და კონფერენს ლიგის გათამაშებაში ე.წ. ჩემპიონთა ლიგის გზით აგრძელებენ ასპარეზობას, მეტოქედ, ისრაელის, ჰაიფას „მაქაბი" შეხვდათ.


მომავალ მატჩზე, მეტოქეზე და მატჩთან არაკავშირში მყოფ საკითხებზე, დღეს, საქართველოს 18-გზის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და გუნდის თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ ილაპარაკეს.


გიორგი გაბედავა


რა თქმა უნდა, ორმაგად საწყენია და უფრო რთულია, როდესაც მეტოქეს ორივე შეხვედრაში აჯობებ და მაინც დამარცხები. ეს ფსიქოლოგიურად არის რთული მომენტია. თუმცა, ვფიქრობ, სწრაფად უნდა დავივიწყოთ ეს თამაშები და გადმოვერთოთ „მაქაბისთან" შეხვედრებზე. გვაქვს შანსი, დავამტკიცოთ, რომ მართლა შეგვიძლია კარგად თამაში და ვფიქრობ, ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ის ინდივიდუალური შეცდომები, რამაც შედეგი განაპირობა, აღარ უნდა განმეორდეს, უფრო მეტი ყურადღებით და მეტი მოტივაციით უნდა ვითამაშოთ.  




კახა ცხადაძე


კიდევ ერთხელ ბაქოს „ნეფთჩისთან" წაგებულ დუელზე


"სამწუხაროა, როდესაც იმ თამაშს აგებ, რომელშიც მეტოქეზე უკეთ თამაშობ. ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდოდა და გულშემატკივრებს სურდათ. ძალიან უხეში შეცდომები დავუშვით. ასეთ დონეზე კი ეს არ შეიძლება, „ნეფთჩის" მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ბუნებრივია, ეს გამოიყენეს. ასეა „მაქაბისთანაც", ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ხვალაც საკმაოდ რთულ მატჩს ველოდები.


რა თქმა უნდა, ყველასთვის მტკივნეული იყო ეს მარცხი, განსაკუთრებით ფეხბურთელებისთვის. თუმცა, ეს არის შანსი. „მაქაბისთან" თამაში დიდი მოტივაცია იქნება იმისთვის, რომ ფეხბურთელებმაც დაივიწყონ ის წაგება და გულშემატკივრებსაც დაავიწყონ. თუ წარმატებას მივაღწევთ, შეიძლება საერთოდ არავინ გაიხსენოს ის მატჩები. „ნეფთჩისთან" არცერთ მატჩში მარცხს არ ვიმსახურებდით, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ყველას შევედავები. თუმცა, ვიმეორებ, ეს თამაშები არის შანსი, რომ ის წაგება ჩვენც დავივიწყოთ და გულშემატკივარსაც დავავიწყოთ.




რა ვითარებაა გუნდში


გუნდში საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმები არ არის. მეკარეს რაც შეეხება, ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კვასხვაძეს დავემშვიდობეთ. მას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდა და არანაირად არ იყო მზად ამ მატჩებისთვის. ამ ეტაპზე იმ კონტიგენტით ვითამაშებთ, რომელიც გვყავს, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია, რომ „ნეფტჩისთან" მატჩამდეც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იყო როინი და მეკარისთვის ასე თამაში ძალიან ძნელია. მას წარმატებებს ვუსურვებ.


„მაქაბი" ძალიან სერიოზული მეტოქეა, ჩემპიონი ძალიან დამაჯერებლად გახდა. პოტენციალი აქვს, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. ამიტომ, საინტერესოა ასეთ მეტოქესთან თავს როგორ წარმოვაჩენთ. უნდა ვეცადოთ, რომ ძალიან აგრესიულად ვითამაშოთ და მეტოქეს არ მივცეთ მისი ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა, ინიციატივა არ უნდა დავუთმოთ. თუ ეს გამოგვივა, მაშინ ძალიან კარგი შანსი გვექნება და რა თქმა უნდა, ის ინდივიდუალური შეცდომები, რაც გვქონდა, აღარ უნდა დავუშვათ.


როგორ გაგრძელდება „დინამო თბილისისა" და ცხადაძის ურთიერთობა


მგონი დღეს ჩემს მომავალზე საუბარი აქტუალური არ არის. ყველაფერი კომპლექსურია. არის მოთხოვნილებები კლუბისგანაც და სამწვრთნელო შტაბისგანაც. გვთხოვეს, რომ „დინამო თბილისს" დავხმარებოდით და ჩვენც ამისთვის მოვედით. რაც შეეხება მომავალს, ვიმეორებ, ეს კომპელქსური საკითხია, გეგმა უნდა გქონდეს, არ შეიძლება გუნდში იყოს 3-თვიანი, 6-თვიანი ან 1-წლიანი გეგმაც კი. ყოველი წარუმატებელი თამაში ყოველთვის პირველ რიგში მწვრთნელს ურტყამს და ამიტომ, ყველანაირიად ვცდილობთ, ჩვენი შედეგი მაქსიმალური იყოს. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.




***


აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად „დინამო თბილისს", ისრაელის გუნდებთან საერთაშორისო მატჩი აქამდე არ ჩაუტარებია და „მაქაბისთან"პაექრობა სადებიუტო იქნება. რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს, გუნდები ერთმანეთს,  2016 წელს, ავსტრიულ შეკრებაზე შეხვდნენ. მატჩი,  29 ივნისს ბიშოფსხოფენში ჩატარდა დინამოელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. გოლები გიორგი ქვილითაიამ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს.


1989 წლის ბოლოს დინამოელებმა ისრაელში ტურნე გამართეს და ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. 28 ნოემბერს „მაქაბი ჰაიფასთან" დავით ყიფიანის გუნდმა თემურ ქეცბაიას გოლით 1-0 იმარჯვა. მომდევნო დღეს, დინამო ნაზარეთის „ჰაპოელს" შეხვდა და დიდი ანგარიშით 5-1 გაიმარჯვა.  გია ჯიშკარიანმა, რომელიც დღესაც თბილისური გუნდის სტაფშია, მაშინ  „ჰაპოელს" სამი გოლი გაუტანა. თითოჯერ თავი გიორგი დარასელიამ და ზაზა რევიშვილმა გამოიჩინეს. 5 დეკემბერს თელ ავივის მაქაბისთან მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. გოლი თემურ ქეცბაიას ანგარიშზეა, ხოლო 6 დეკემბერს დინამო ისრაელის კლუბების ნაკრებს შეხვდა და 2-1 მოიგო. გოლები გელა კეტაშვილის და თემურ ქეცბაიას ზუსტ დარტყმებს მოჰყვა.


თუმცა, დღეს, ქართულმა მედიამ „დინამო არენაზე" მოსულ „მაქაბის" წარმომადგენლებს, არა ეს, ზემოთჩამოთვლილი თამაშები, არამედ, სულ სხვა მომენტი გაახსენეს. კონკრეტულად პერიოდი, როდესაც ლადო დვალიშვილი „მაქაბიში" თამაშობდა, გუნდის მწვრთნელი კი გიორგი დარასელია იყო.




„რა თქმა უნდა, ლადო დვალიშვილის „მაკაბის" წარმატებული პერიოდი ჰქონდა. ჩვენის მხრივ, ვეცდებით, რომ ის ძველი წარმატებები გავიმეოროთ და მცდელობას არ დავაკლებთ. ვეცდებით, რომ ხვალ წარმატებით ვითამაშოთ. შანსებზე საუბარს ზოგადად ვერიდებით, ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც შეგვიძლია, დანარჩენს კი თამაში გვიჩვენებს", - ამბობს ბარაქ ბახარი.


დინამოელების მსგავსად, ქართული გუნდის ხვალინდელმა მეტოქემაც ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე მარცხი განიცადა. შესაბამისად, ქართული გუნდისთვის იდენტურად არა, მაგრამ გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა, ახლა ჰაიფას „მაქაბისაც" აქვს. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა, ქართულ და ებრაულ მედიასთან შეხვედრისას ბარაქ ბახარმა, „მაქაბის" მთავარმა მწვრთნელმა.


„ვაანალიზებთ მარცხს ჩემპიონთა ლიგაზე და გვაქვს იმედი, რომ კონფერენს ლიგაზე დანაკლისს ავინაზღაურებთ და წარმატებით გამოსვლას შევძლებთ. ვიცით, რომ დინამო თბილისი არის ძალიან დიდი ისტორიის მქონე კლუბი, საკმაოდ მდიდარი საერთაშორისო გამოცდილებით. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე მარცხმა ჩვენს გუნდს გარკვეული დაღი დაასვა. ახლა ჭრილობების მოშუშების პროცესში ვართ და შევეცდებით, რომ კონფერენს ლიგაზე წარმატებულად გამოვიდეთ," - ამბობს ბახარი.




ისრაელის გუნდმა, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ, „დინამო თბილისის" მსგავსად, კონფერენს ლიგაზე გადმოინაცვლა და ახლა, კი უნდათ, ხვალინდელ და ორი თამაშის ჯამში გამარჯვება, არ მალავენ, რომ ამ ეტაპზე, „ჭრილობების მოშუშების პროცესში არიან", მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ეცდებიან წარმატებას მიაღწიონ.


მატჩის წინ, „მაქაბიმ" „დინამო არენაზე" ივარჯიშა. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა საქართველოს ჩემპიონმა.


ხვალ, „დინამო არენაზე" მატჩი, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.