„დინამო თბილისმა“ ახალი სეზონი მოგებით დაიწყო
„დინამო თბილისმა“ ახალი სეზონი მოგებით დაიწყო
21.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" 2021 წლის პირველი ტიტული მოიგო.  თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის, რიგით მეოცე გათამაშებაში, დინამოელები, დავით ყიფიანის საქართველოს თასის მფლობელ „გაგრას" დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის თასის მფლობელმა „გაგრამ" 2020 წლის სეზონის მთავარი ჯილდო, სწორედ, 11-მეტრიანების სერიით მოიგო და მაშინ, გადამწყვეტი დარტყმა და „გაგრას" საქართველოს თასთან ერთად, ევროტურნირების საგზური, „დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის" აღზრდილმა მიხეილ ერგემლიძემ მოუტანა. თუმცა, მას შემდეგ, „გაგრაშიც", ისვე, როგორც „დინამო თბილისში" სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრი შეიცვალა.




ამ ცვლილებების შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონის რიგებში, დღეს, სერბმა ფეხბურთელებმა ზორან მარუშიჩმა და მილან რადინმა დატოვეს კარგი შთაბეჭდილება. როგორც ჩანს, ტრავმის შემდეგ, დამდგარი არასტაბილური პერიოდის გადალახვას ახერხებს ბაქარ ქარდავაც, რომელმაც დღეს ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მხოლოდ „დინამო თბილისის" არა, მთლიანად ქართული ფეხბურთის „სენია" - ორი განსხვავებული ტაიმი. სწორედ, ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნა დღევანდელი თამაშიდან ალბათ ბევრისთვის.


საწყისს წუთებში, გიორგი ნემსაძის გუნდი, თითქოს ვერ მოერგო თამაშს, ან მიხეილ მესხის ახალმა განათების სისტემამ, ძველს, ნახევრად ჩაბნელებულს მიჩვეული ჩემპიონები, ოდნავ დააბნია. ამას, თან მე-13 წუთზე სტანდარტულის შემდეგ, გაგრელი გიორგი ქუბულაძის მიერ გატანილი გოლი მოიყვა, რომელსაც კვასხვაძემ მხლოდ თვალი გააყოლა. თუმცა, „დინამო თბილისმა" გოლის მერე ჯერ ბურთის ფლობის მხრივ გამოასწორა ვითარება, შემდეგ, „გაგრელთა" კარის მიმართულებითაც რამდენჯერმე გაისროლა. მიუხედავად ამისა, შეხვედრის პირველი ტაიმი, ელიგის გუნდების „რისხვის", „გაგრას" გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.




მეორე ტაიმი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს. პირველივე წუთზე დავით კობოურმა ითამაშა ტექნიკურად, შეიჭრა საჯარიმოში მარა საბოლოოდ ზუსტად ვერ დაარტყა. მალევე,  კობოურის აქტიურობას, სერბი ზორან მარუშიჩის გოლი მოჰყვა 1-0. შეხვედრის 67-ე წუთზე, უკვე შეცვლაზე შემოსული გიორგი კუციას გადაცემას, გიორგი გაბედავას გოლი მოყვა, 2-1 და „დინამო თბილისი" დაწინაურდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ჩემპიონი, მთელი მეორე ტაიმი აქტიურობდა და ბურთს ფლობდა, შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ცოტა თუ იტყოდა, რომ „გაგრა" თამაშის შემობრუნებას და დინამოელთა დაბნევას შეძლებდა. თუცა, გაგრელებმა ეს მოახერხეს და შეხვედრის 78- ე წუთზე, მორიგ სტანდარტს, ამჯერად,  მოწოდებულ კუთხურს, ლუკა ნოზაძის გოლი მოყვა და „გაგრამაც" წონასწორობა აღადგინა, 2-2. ამ ანგარიშით დასრულდა მატჩის ძირითადი დროც.





შეხვედრის ბედი 11-მეტრიანებში გადაწყდა, სადაც გადამწყვეტი სიტყვა, „დინამო თბილისის" მეკარემ, როინ კვასხვაძემ თქვა, რომელმაც ჯერ 11-მეტრიანი მოიგერია. შემდეგ კი, თავად მივიდა ბურთთან და ცივსისხლიანად, გადაგზავნა გაგრელთა კარში. ბოლო, „საჩემპიონო" დარტყმა კი, გიორგი გაბედავას ანგარიშზე.


აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისი" საქართველოს სუპერ თასის გამარჯვებული მერვედ გახდა. ბოლოს, ეს ტროფეი,  დინამოელებს, 2015 წელს ჰქონდა მოგებული. ამ მატჩში, დინამოელთა შორის იყო ადამიანი, როინ კვასხვაძე, , რომელსაც სუპერთასის 7 გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.





„დინამო თბილისი"  - „გაგრა"   2-2 (5-4 პენ)   

დინამო თბილისი: კვასხვაძე, პაპავა, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი, რადინი, კობოური (იაშვილი 79), სპორკსლეიდი, ქარდავა (კუცია 58), გაბედავა, მარუშიჩი (ახვლედიანი 79)

გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, კიკაბიძე (მუმლაძე 59), სულთანიშვილი (კაკიაშვილი 59), ხაბელაშვილი (იონანიძე 65), მაქაცარია, ქობულაძე, ვეკუა (მარკოზაშვილი 71), სამუშია(საჯაია 71)

 

გოლი: 0-1 ქობულაძე 13'  1-1 მარუშიჩი 47'  2-1 გაბედავა 67'  2-2 ნოზაძე 78'

გაფრთხილება: ჩადუნელი 49'  მექვაბიშვილი 90'

მსაჯი: ი. ხერხაძე (ქუთაისი)