ვაჟამ ვაზარით მოიგო
ვაჟამ ვაზარით მოიგო
11.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეიდან, 3 დღის მანძილზე დოჰაში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი, „დოჰა მასტერსი" მიმდინარეობს. 2021 წლის პირველ შეჯიბრში, საქართველო 15 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის 2 ქალია.


ტურნირის პირველ დღეს, ასპარეზობა საქართველოს 6 წარმომადგენელმა დაიწყო. პირველივე წრეში, ხელი მოეცარათ ჩვენს გოგოებს -52კგ  წონით კატეგორიაში, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანსა და -57კგ  წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანს. ორივე სპორტსმენი, ისრაელის წარმომადგენლებთან დამარცხდა.


წარუმატებელი გამოდგა დოჰას მასტერსი 60კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩვენი ვაჟი ძიუდოისტებისთვისაც. ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩნენ.


საწყის ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს -66კგ  წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ბაგრატ ნინიაშვილის. აი, ვაჟა მარგველაშვილმა კი, რომელიც ამავე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ერთი მედლის მოპოვება „დოჰა მასტერსზე" მოახერხა. მარგველაშვილმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მოლდოველი დენის ვიერუ ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.


„დოჰა მასტერსის" მეორე საასპარეზო დღეს, ტატამზე ორ წონით კატეგორიაში, სამი ქართველი იასპარეზებს - 73კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა დავდათუაშვილი, ხოლო 81კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე.


ხვალ, 12 იანვარს, წინასწარი შეხვედრები 12 საათიდან დაიწყება და მათი პირდაპირი რეპორტაჟის და შედეგების ხილვა მითითებულ ბმულზე შეგეძლებათ: https://live.ijf.org/


ფინალური ბლოკო კი კვლავ 18:00-დან არის დაგეგმილი და ისევე, როგორც დღეს, მისი ხილვა ძიუდოს ქართველ გულშემატკივარს, „სილკ უნივერსალზე" შეეძლება.

 

საქართველოს ნაკრები „დოჰა მასტერსი 2021" შემდეგი შემადგენლობით არის წასული:

-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე,

-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი,

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი,

-81კგ - ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე,

-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური,

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი,

+100კგ - გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი,

-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი,

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი.


12 იანვარი - ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ.

13 იანვარი - ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.


ასევე იხილეთ სტატია

 

(c) Di Feliciantonio Emanuele