უფ, ეს რა იყო!
უფ, ეს რა იყო!
20.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„უფ, ეს რა იყო!", ამ სიტყვებით იწყება სტატუსი სოციალურ ქსელში, რომლითაც ქალთა საფეხბურთო კლუბმა, მადლიერ გულშემატკივარს მიმართა. შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა", გუშინ 19 ნოემბერს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ამის შემდეგ, პირველი ქართული გუნდი გახდა როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა კლუბებს შორის, რომელიც უეფა-ს ამ პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს. ჩვენმა გოგონებმა, რუმინეთში, მასპინძელი „კლუჟი ოლიმპია" მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხეს.


„საფინალო სასტვენი, მასპინძელთა გაოცებული სახეები და ჩვენი გოგონების სიხარულის ცრემლები  - ასეთი იყო 2020 წლის 19 ნოემბრის ისტორიული მატჩის ფინალი რუმინეთის ქალაქ კლუჟში, ამ მოვლენის მნიშვნელობა შეიძლება ბოლომდე ვერც კი გავათვითცნობიერეთ, მაგრამ ერთი რამ იყო ძალიან ცხადი - შევძელით  გაგვეხარებინა ჩვენი ქვეყანა, რომლისთვისაც ყოველ ასეთ წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.


ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის, მოლოცვებისთვის, გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს პატარა ლანჩხუთს, სადაც დიდი და პატარა ამ მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა.


აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation


მხარდაჭერა - მათი ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრში შეკრების გავლა და ასევე მატჩთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. თუმცა მთავარი სიურპრიზი წინ იყო - მატჩის შემდეგ ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მხოლოდ მოლოცვით არ შემოიფარგლა და გუნდს გააცნო ფედერაციის გადაწყვეტილება ფეხბურთელებისთვის საბონუსე ფონდის 25,000 ლარის ოდენობით, ხოლო კლუბის შემდგომი განვითარებისთვის 20,000 ლარის გამოყოფის შესახებ! დიდი მადლობა Levan Kobiashvili- ს და დავით მუჯირს.

ვთვლით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს შესაძლებლობის მაქსიმუმს, უფრო მეტ მხარდაჭერას ვისურვებდით ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ საერთო ძალისხმევით კლუბს შეექმნას სათანადო ყოფითი და ფინანსური პირობები, ევროპის საუკეთესო 32 გუნდში შესული კლუბი ამას ნამდვილად იმსახურებს.


კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ყველა გულშემატკივარს!" - წერია კლუბის მიმართვაში.


შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთი" ასპარეზობას 1/16 ფინალიდან გააგრძელებს და მისი მეტოქე 24 ნოემბერს გაირკვევა. თამაშები, გათამაშების ამ ეტაპიდან სახლი, გასვლა სისტემით არის და მომდევნო ეტაპზე, ორი თამაშის საუკეთესო შედეგის მაჩვენებელი გუნდი გადის.


„ლანჩხუთი" თბილისში დღეს საღამოს ჩამოფრინდა და სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" დაბინავდა. ბაზაზე კლუბმა კორონა ვირუსზე შემოწმება გაიარა. ხვალ კი, კლუბის ის ფეხბურთელები, რომლებიც ქალთა ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი, გუნდს, სანაკრებო შეკრებაზე შეუერთდებიან.