ეზოს გუნდთან, ამ მაისურით არ უნდა წააგო
ეზოს გუნდთან, ამ მაისურით არ უნდა წააგო
25.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„დინამო თბილისმა" ფარერის კუნძულებზე, იქაურ, ყველაზე ტიტულოვან კლუბთან, რომელსაც 18-ჯერ აქვს ქვეყნის პირველობა მოგებული და 6-ჯერ კიდევ თასი, კლუბი 1904 წელს არის შექმნილი და ევროტურნირებზე 1992 წლიდან გამოდი, ისეთი ანგარიშით წააგო, რომ გასულ სეზონზე „საბურთალოს" კატასტროფა, რამდენიმე წლის წინ აღმოცენებულ „არარატ არმენიასთან" აღარავის ახსოვს.


არც არავინ იძახის და არც იძახდა, რომ 2019 წლის ბოლოს, ჩემპიონი გუნდის დაშლა და მისი, იმ კომპლექტაციით შევსება სრული შეცდომა იყო. არც იმაზე ულაპარაკიათ, რომ მოქმედ ჩემპიონატში არის პრეცედენტი გუნდს „უდიპლომო" მწვრთნელი წვრთნიდეს, „დინამო თბილისში" კი მწვრთნელის ასისტენტიც კი „წითელდიპლომიანი" მოითხოვეს. მოკლედ, არც შეთქმულების თეორიებზე ვსაუბრობთ, თუმცა, კითხვებიც ბევრია, და კიდევ ბევრი წვრილ-წვრილი კითხვის ნიშანიც. 


ფაქტია, რომ დღეს დინამო უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრა, ტორშავნში, საქართველოს 17-გზის ჩემპიონმა, მეორე ტაიმში უშანსოდ წააგო. ამის ბრალი, არც მინდვრის ხელოვნური საფარია, არც ადიდასის ბურთი და არც უხერხულად ცივი ტემპერატურა.  და ბოლოს, ფარერების ახლო მეზობელი, ისლანდიელი მსაჯების მიმართულებითაც ხელს ვერ გაიშვერ, რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილის მიუხედავად, „დინამო თბილისს" არ გაქვს უფლება, სამოყვარულო კლუბთან წააგო.


„კლაკსვიკმა", ანგარიში შეხვედრის 22-ე წუთზე გახსნა და პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო. კუნძულელებმა გარდატეხა მეორე ტაიმის 15 წუთიან მონაკვეთში მოახერხეს, როდესაც 4 გოლი გაგვიტანეს. ამ ოთხ გოლს, ერთით დინამოელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა პერნამბუკომ უპასუხა, თუმცა, ამ დღეს თამაში, ქართული გუნდის არ იყო. „დინამო თბილისმა" 6-1 წააგო და სათასო ასპარეზობას ისევე, როგორც შარშან, ახლაც, პლეი-ოფამდე ერთი ნაბიჯით ადრე გამოეთიშა.


ეს შეხვედრა, დინამოელებისთვის ევროპა ლიგის გათამაშებაში (უეფას თასი) საიუბილეო მე- 100 იყო და იმედია, რომ ახალ ათვლას, „დინამო თბილისი" წარმატებით დაიწყებს, მხოლოდ, მომდევნო სეზონიდან. ამ სეზონამდე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ტიტული უნდა შეინარჩუნოს, თუნდაც, იმ რესურსით, რაც ახლა ჰყავს და არაფრის დიდებით, იმ მწვრთნელის შეცვლა, ჩისკო მუნიოსი გვყავს მხედველობაში, მიუღებელია, ფიქრითაც (უბრალოდ, საქართველოში, არადინამოელებს, ჩისკოს ხილვაც არ უნდათ და მისი, როგორც წარსულში დინამოელი ფეხბურთელის რეიტინგისაც ეშინიათ) კი, რადგან მას, მიმდინარე სიტუაცია უბრალოდ დაახვედრეს. თუმცა, გამოსავალი მისი საპოვნელია და „დინამო თბილისში", დინამოელი, ამ რებუსსაც მოაბამს თავს. ფაქტია, რომ 8 თვის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულს, მას დახვდა ახალი, სხვისი დაკომპლექტებული გუნდი.