მამუკა ხაბარელი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების კომისიაში
მამუკა ხაბარელი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების კომისიაში
14.09.2020
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

დღეს, 14 სექტემბერს  ვიდეო კონფერენციის სახით გაიმართა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეაოფ-ის კომისიის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა ამავე კომისიის წევრი , სეოკ-ის ვიცე პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.


ვიდეო კონფერენციის დღის წესრიგი ითვალისწინებდა მომავალი ზამთრისა და ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების- 2021 წლის ზამთრის (ვუოკატი, ფინეთი), 2022 წლის ზაფხულის  ( ბიანსკა ბისტრიცა, სლოვაკეთი), 2023 წლის ზაფხულის  (მარიბორი, სლოვენია), 2023 წლის ზამთრის (ფრიული-ვენეცია-ჯულია, იტალია),  2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (ბაკურიანი, საქართველო - საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 2020 წლის  ნოემბერში რომში გაიმართება) და იმავე წელს ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ( ბრნო, ჩეხეთი) მზადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.


საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ახლახანს წარუდგინა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს ეაოფ-ების კომისიას ბაკურიანი 2025 წლის საგანაცხადო მასალა , რომელმაც კომისიის წევრთა დიდი მოწონება დაიმსახურა.


აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ გამოცდილების შეძენის მიზნით  კომისიის წევრი , სეოკ-ის ვიცე პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი დასახელდა 2023 წლის ზამთრის  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (იტალია) საკოორდინაციო კომისიის წევრად.  2023 წლის ზამთრის ფესტივალში მიღებული გამოცდილება და ცოდნის გაზიარება მეტად მნიშვნელოვანი იქნება 2025 წელს ბაკურიანში დაგეგმილ  ევროპის  ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის  წარმატებით ჩატარებისათვის.


ბაკურიანი 2025 ეაოფ-ის  საკოორდინაციო კომისიის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს თბილისში მათი თებერვლის ვიზიტის დროს ბაკურიანის არსებული და მომავალი სპორტული ბაზების ხელსაყრელი მდებარეობის შესახებ, სასტუმროთა ქსელის მაღალი დონე და ხელსაყრელი კლიმატური პირობები, რაც ყველა პირობას ქმნის 2025 წელს ფესტივალის წარმატებით ჩასატარებლად.