თოკოს 12 და შერმოს 13!
თოკოს 12 და შერმოს 13!
22.06.2020
ავტორი: ი.პ.

თორნიკე შენგელია


ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ფაზაში პირველი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ". ვიტორიელთა მეტოქე ფავორიტი "ბარსელონა" გახლდათ, რომელთანაც შენგელიას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში - 75:81 წააგო. 


ბასკების ქართველი კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 31:43 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თოკომ 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. სათქმელია ისიც, რომ შენგელია ტრავმით თამაშობდა.


ბასკონიას რიგებში საუკეთესო შეივონ შილდსი იყო, რომელმაც 6 სამქულიანი გამოიყენა და თავი 26 ქულას მოუყარა.


ბასკური კლუბი 2 მოგებითა და 1 მარცხით ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. დიდი ალბათობით, გადამწყვეტი მალაგას უნიკახასთან მატჩი იქნება, რომელიც 23 ივნისს შედგება, 25-ში კი, ბასკონიელებს ხუვენტუტთან თამაში ელით.




გიორგი შერმადინი


ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა", რომელმაც ფინალური ტურნირის ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო და 6-გუნდიან ჯგუფში საუკეთესო ორეულში მოხვედრის შანსი დაკარგა. 


შეგახსენებთ, რომ კუნძულელებმა საწყისი თამაშები უნიკახასთანა (70:83) და თორნიკე შენგელიას ბასკონიასთან (72:79) წააგეს, დღეს კი, ბილბაო ბასკეტსაც ვერ გაუმკლავდნენ - 70:78.


ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 19:03 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.


შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ამერიკელ უკანახაზელ ნიკ ზეისლოფტს ჩამორჩა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო და თავი 22 ქულას მოუყარა.


იბეროსტარ ტენერიფე 3 წაგებით ა ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება და ვალენსიაში მიმდინარე მინი-ტურნირზე კი კიდევ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 23 ივნისს - ხუვენტუტთანა და 25-ში - ბარსელონასთან.